რეზონანსი
15.12.2025

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, ვიკა ფილფანის განცხადებით, „ქართული ოცნება" 20 ივნისის საქმეზე ჩიხშია შესული.

როგორც ფილფანმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ უნდა დაადგინოს, ვინ იყო 2019 წლის 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანების გამცემი.

ფილფანის თქმით, მმართველი გუნდი წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ პოზიციებთან, მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ.

„ქართულმა ოცნებამ" დაადგინოს, ვინ არის ბრძანების გამცემი პირი 20 ივნისზე. „ქართული ოცნება" ჩიხშია შესული, რადგან მათ სამართლებრივი დევნა დაიწყეს, როგორც თავად ამბობენ, გიორგი გახარიას მიმართ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს პირველი მოსმენის შემდეგ გამოძიებასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ამან, თითქოს მათ გაეჩინათ საფუძველი, რომ დაეწყოთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, თუ ისინი იზიარებენ უკვე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, მაშინ „ქართული ოცნება" ჩიხშია. ის საქმე, რაზეც გროგი გახარიას ედავებიან, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რომელიც გიორგი გახარიამ დააორგანიზა. თუმცა ჯანმრთელობის დაზიანება იყო 4 „ქეისში", სადაც გამოყენებულ იყო რეზინის ტყვიები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მოტანილი, რომ რეზინის ტყვიების გასროლის ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.

ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცი რას ზეიმობდნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები გაუგებარია",- განაცხადა ფილფანმა.

ფილფანმა ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პარტიების გაუქმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

დეპუტატის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ" შემდგომ წლებში თავად შეუწყო ხელი „ნაციონალური მოძრაობა" გაეცოცხლებინა.

„ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება არ უნდა, არ არის ახალი ამბავი. ჯერ ერთი, პარტიების აკრძალვა კონსტიტუციური არ არის, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პარტია იქნება ქვეყანაში. ხალხმა ეს უკვე გადაწყვიტა 2012 წელს და მკაფო არა უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას". შემდეგ „ქართულმა ოცნება" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პარტია გაეცოცხლებინა და ფეხზე დაეყენებინა. ისევ „ნაცები" აორგანიზებენ შტურმებს და ვარდებიან სახელმწიფო ინსტიტუციებში", - განაცხადა ფილფანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×