რეზონანსი
16.12.2025

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლებში ამ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი განიხილა.

სასამართლომ საქმის განხილვა პირველ რიგში, უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მოსარჩელე კომპანიის მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული „სანქციების შესახებ“ კანონის საფუძველზე 2015 წლის 2 სექტემბერს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ „ეკონომიკური და სხვა ტიპის პერსონალური სანქციების დაკისრების შესახებ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან ახლდა დანართი, რომელშიც შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბჭოს გადაწყვეტილებით სხვადასხვა სახის სანქცია უნდა დაჰკისრებოდათ. ამ სიაში მოსარჩელე კომპანიაც იყო შეყვანილი. 2015 წლის 16 სექტემბერს მოპასუხე სახელმწიფოს პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დეკრეტი გამოსცა. აღნიშნული დეკრეტის მიღებისას მოპასუხე სახელმწიფოს პრეზიდენტი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ მოსარჩელე კომპანიას რუსეთის ხელისუფლებასთან ჰქონდა კავშირი და ის თავისი საქმიანობით მოპასუხე სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. საბჭოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის ამოქმედების შემდეგ მოსარჩელე კომპანიას სხვადასხვა სახის სანქცია დაეკისრა, მათ შორის, მის საკუთრებაში არსებულ ქონებას ყადაღა დაედო (მე-12-18 პარაგრაფები).

მოსარჩელე კომპანიამ მოპასუხე სახელმწიფოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული დეკრეტი ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრა. ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებით პრეზიდენტის დეკრეტი კანონიერად იქნა ცნობილი. შესაბამისად, მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნა პრეზიდენტის დეკრეტით მისთვის დაკისრებული სხვადასხვა სანქციის, მათ შორის, ქონებაზე ყადაღის დადების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა (მე-19-41 პარაგრაფები).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსარჩელე კომპანია დავობდა, რომ მისთვის სხვადასხვა სახის სანქციის დაკისრება, მათ შორის, ქონებაზე ყადაღის დადება უკანონო და არაპროპორციული იყო, ამასთანავე, ეროვნულმა სასამართლოებმა მის მიერ შეტანილი საჩივრის განხილვისას საქმესთან დაკავშირებული დეტალები გულმოდგინედ არ გამოიკვლიეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კომპანია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცული მისი საკუთრების უფლება. გარდა ამისა, მოსარჩელე კომპანია ამტკიცებდა, რომ მას ეროვნული დონეზე თავისი უფლებების დაცვის ეფექტიანი საშუალებები არ ჰქონია. შესაბამისად, მისი მტკიცებით, მოპასუხე სახელმწიფომ მის მიმართ ასევე დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) (68-ე და 112-ე პარაგრაფები).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×