მარიამ ვეკუა
16.12.2025

ბერლინის ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ, სამშვიდობო პროცესში ჩართული ყველა მხარე ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია უკრაინისათვის ნატო-ს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი გარანტიის მიცემა, რომელიც იურიდიულად სავალდებულო იქნება. გაიმართა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარიც. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით კი, უკვე ამ შაბათ-კვირას მაიამიში შეიძლება უკვე დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენელი სამხედროებიც შეიკრიბნონ რუკებისა და ზავის კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად.

14-15 დეკემბერს ბერლინში უკრაინას, აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს შორის აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო ინიციატივაზე ორდღიან მოლაპარაკებებს ოპტიმისტური განცხადებები მოყვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად მიიღო.

გერმანიიდან გამგზავრების წინ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოკუმენტის განხილვის დასრულების შემდეგ, უკვე აშშ-ის გუნდი გამართავს რუსებთან კონსულტაციას.

„დღეს ან ხვალ ჩვენ დოკუმენტებს დავასრულებთ. შემდეგ აშშ-ის გუნდი რუსებთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შემდეგ მომლაპარაკებლები აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდებიან, შემდეგ კი ჩვენი გუნდები შეერთებულ შტატებში ხელახლა შეიკრიბებიან. ეს შეიძლება ამ შაბათ-კვირასაც კი მოხდეს", - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სამშიდობო შეთანხმებაში გათვალისწინებულია ნატო-ს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი ჩანაწერი, რომელიც იურიდიულად სავალდებულო იქნება, თუმცა ამას აშშ-ის კონგრესმა უნდა დაუჭიროს მხარი.

„ხუთ დოკუმენტს ველით. მათი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიებს ეხება და იურიდიულად სავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხმა უნდა მისცეს და დაამტკიცოს შეერთებული შტატების კონგრესმა. მასში შედის ნატოს მე-5 პუნქტის მსგავსი შეთანხმება. ამას კენჭს უყრის კონგრესი, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გამოცემა „კიივ პოსტი" წერს, რომ მიუხედავად პროგრესის ნიშნებისა, ტერიტორიული საკითხები და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები მოლაპარაკებების ყველაზე რთულ ნაწილად რჩება. „აქციოსის" ცნობით კი, აშშ-სა და უკრაინის ოფიციალური პირები შემდეგ შეხვედრას მაიამიში გეგმავენ, სადაც სამუშაო ჯგუფები და სამხედრო წარმომადგენლები უკვე რუკებსა და ტექნიკურ დეტალებს განიხილავენ.

ტრამპი პროგრესს ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულება „ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე".

„ევროპელი ლიდერებისგან უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს, მათაც სურთ, რომ ეს დასრულდეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ის „ცოტა ხნის წინ" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და „ამ მომენტში რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს".

  • „პრობლემა ის არის, რომ ყველას სურს, რომ ეს დასრულდეს და შემდეგ უცებ არ ასრულებენ", - განაგრძო აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეთანხმების კონკრეტულ დეტალებსა და პუტინთა საუბრის შინაარსზე ტრამპს არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ უკრაინამ უკვე დაკარგა ტერიტორიები.

„იცით, სიმართლე გითხრათ, მათ უკვე დაკარგეს ტერიტორია, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიის თვალსაზრისით, ჩვენ ვიმუშავებთ და ვმუშაობთ ამაზე ევროპასთან ერთად. ამაში ევროპის დიდი წვლილი იქნება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიაზე ვმუშაობთ, რათა ომი ხელახლა არ დაიწყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი ხელახლა დაიწყოს. ომში არაფერია ლამაზი, არაფერია კარგი და ვერ იწინასწარმეტყველებ, რა მოხდება. მაგრამ, ვფიქრობ, რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით დიდი პროგრესი გვაქვს. ამის იმედი მაქვს. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დროის ლიმიტი არ არსებობს. დროის ლიმიტი არის, როდესაც ამას დავასრულებთ. ანუ, ჩვენ შევეცდებით ამის გაკეთებას", - განაცხადა ტრამპმა.

უსაფრთხოების გარანტიები და წითელი ხაზები

ორშაბათს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკი და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცი მიესალმნენ აშშ-ის ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები.

ამავდროულად, კიევი კვლავ ეწინააღმდეგება ტერიტორიული დათმობების პუნქტს, მათ შორის უკრაინული ნაწილების გასვლას დონბასის რეგიონის იმ ნაწილებიდან, რომელთა დაკავებაც რუსულმა ძალებმა ბრძოლით ვერ შეძლეს.

„ჩვენი არ გვინდა დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ, ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს მის არსებობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებში მთავარი აქცენტი ტერიტორიულ საკითხზე კეთდება, თუმცა კონსენსუსი არ არსებობს.

„არ ვაღიარებთ დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსეთის ტერიტორიად, არც დე იურე და არც დე ფაქტო. თუმცა, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია; ამ საკითხზე ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მან არ გამორიცხა, ​​რომ თუ პუტინი გაანადგურებს ნებისმიერ დიპლომატიურ შესაძლებლობასა და მისწრაფებას - როგორც უკრაინულს, ასევე ევროპულს - აშშ სანქციებით ზეწოლას მოახდენს რუსეთზე და უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის.

  • „ამერიკელებს ომის სწრაფი დასრულება სურთ, მაგრამ ჩვენთვის ხარისხია მნიშვნელოვანი. თუ სიჩქარე და ხარისხი ერთმანეთს დაემთხვევა, ორივე ხელით თანახმა ვართ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ევროპის პოზიცია

ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მუშაობს ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც საბოლოოდ სისხლისღვრას დაასრულებს.

„პირველი ნაბიჯი ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტაა. მისკენ მიმავალი გზა ცნობილია. რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს - არა დემონსტრაციისთვის, არამედ შედეგისთვის. ამ მიზნით ევროპა გააგრძელებს რუსეთის ომის ფასის გაზრდას. სანქციების ახალ პაკეტს ვამზადებთ და გავყინეთ რუსული აქტივები ევროკავშირში გრძელვადიან პერსპექტივაში.

„მეორე - მშვიდობა მოითხოვს ძლიერ და სანდო უსაფრთხოების გარანტიებს. მივესალმები იმას, რომ შეერთებული შტატები დადებითად განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას. ასევეა ევროპაც.

  • „და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძელვადიანი გარანტია ასევე ყველაზე აშკარაა - ეს არის უკრაინის გზა ევროკავშირში", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მოლაპარაკებების გაგრძელების პარალელურად, 10 ევროპული ქვეყნის ლიდერებმმა ორშაბათს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მხარი დაუჭირეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

განცხადებას ხელი მოაწერეს გერმანიამ, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ. ამასთან, განცხადება ხელმოსაწერად ღია დარჩა სხვა ქვეყნებისთვისაც.

განცხადებაში ასახულია ვალდებულებების სერია, მათ შორის იურიდიულად სავალდებულო ზომები უკრაინაზე ნებისმიერი მომავალი შეიარაღებული თავდასხმის საპასუხოდ; ინვესტიციები უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციაში, მათ შორის რუსეთისგან ომის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაცია; ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვისთვის.

ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ ისინი ზელენსკის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარს დაუჭერენ.

რუსების პოზიცია

ბერლინში გამართულ კონსულტაციებზე კრემლის პირველი რეაქციაც ასევე პოზიტიურია

„სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ ამ საშინელი კრიზისის მოგვარების ზღვარზე ვართ", - განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს ისეთი მდგრადი გადაწყვეტის მიღებას, რომელიც აღმოფხვრის კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს, თუმცა რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნების სამხედრო კონტიგენტის შესაძლო აგნთავსება.

„ჩვენ ღია ვართ იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც იქ შეიძლება მიიღონ თუმცა, ჩვენ არასდროს დავთანხმდებით ნატო-ს ჯარების ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე უარყო უკრაინაში „მსურველთა კოალიციის" ძალების განლაგების შესაძლებლობა, რომელიც, მისი თქმით, იგივეს წარმოადგენს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

„შეიძლება უარესიც კი არის, რადგან ასეთი გადაწყვეტილების განხორციელება შესაძლებელი იქნება ნატო-ს სტანდარტული პროცედურების გარეშეც კი, რომლებიც ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს", - აღნიშნა რიაბკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×