რეზონანსი
18.12.2025

ინდოეთი აპირებს 2047 წლისთვის მსოფლიო სამრეწველო ზესახელმწიფო გახდეს, ამასთან, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) გადამამუშავებელი მრეწველობის წილი გაზარდოს მიმდინარე 17%-დან დაახლოებით 25%-მდე. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. 

კვლევაში, რომელიც მომზადდა Boston Consulting Group-ისა და Z47-ის მიერ, გამოყოფილია ხუთი სექტორი: ელექტრონიკა, თავდაცვის მრეწველობა, საავტომობილო მრეწველობა და ელექტრომობილები, ენერგეტიკა და ფარმაცევტიკა, რომლებთაც შეუძლიათ 2047 წლისთვის 25 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამრეწველო პოტენციალის საფუძველი გახდნენ. 

ანგარიშში ხაზგასმულია ელექტრონიკისა და ნახევარგამტარების დარგის სწრაფი განვითარება. პროგნოზის მიხედვით, ინდოეთში ნახევარგამტარებზე მოთხოვნა გაიზრდება 2022 წლის 33 მლრდ. დოლარიდან - 2030 წლისთვის 117 მლრდ. დოლარამდე.

ამჟამად, ინდოეთში გაყიდული მობილური ტელეფონების 99%-ზე მეტი ქვეყნის შიგნით იწარმოება, მაშინ როცა 2014–2015 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 26%-ს შეადგენდა, რაც ანგარიშის ავტორების აზრით, ნათლად ასახავს წარმოების წახალისების პროგრამების ეფექტს. 

„საუბარია არა მხოლოდ მასშტაბზე, არამედ სტრატეგიულ თვითკმარობაზე. ინდოეთი აღარ არის მხოლოდ პროდუქციის აწყობით დაკავებული — ის ავითარებს გადაწყვეტილებებს, ნერგავს ინოვაციებს და ინტეგრირდება ღირებულებათა შექმნის გლობალურ ჯაჭვში“, — აღნიშნა იშანგ ჯავამ, BCG-ის მმართველმა დირექტორმა და პარტნიორმა. 

ანგარიშის მონაცემებით, ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა დაახლოებით 50 ათასი ერთეულიდან 2016 წელს - 2 მილიონზე მეტამდე 2024 წელს, რაც მსოფლიო ელექტრომობილების ბაზრის დაახლოებით 9%-ს შეადგენს. ასევე ხაზგასმულია ავტომობილების კომპონენტების სეგმენტის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც 100 მლრდ. დოლარად არის შეფასებული. 

„ინდოეთს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა გადააფასოს თავისი ადგილი გლობალურ წარმოებაში“, — განაცხადა ნატარაჯან სანკარმა, BCG-ის მმართველმა დირექტორმა და პარტნიორმა.

„თამამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების წყალობით და მზარდი მოთხოვნის ფონზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრომობილები და მოწინავე ელექტრონიკა, ინდოეთი მყარ საძირკველს ქმნის და იმპულსს იძენს რიგ ინდუსტრიებში ლიდერობისთვის“, — დასძინა მან. 

კომპანიამ ასევე აღნიშნა რეგიონული საწარმოო კლასტერების როლი თავდაცვის, ელექტრომობილებისა და ნახევარგამტარების ინდუსტრიებში, როგორიცაა ნოიდა–ჩენაი–ჰოსური და დჰოლერა. ეს კლასტერები დასახელებულია კატალიზატორებად მომწოდებლების ერთობლივი განთავსებისთვის, საერთო ლაბორატორიების შესაქმნელად და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ინდოეთმა არაწიაღისეული ენერგიის წყაროების 50%-იან წილს დაგეგმილ ვადაზე ხუთი წლით ადრე მიაღწია.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია კვლევისა და განვითარების მასშტაბირების, საკადრო პოტენციალის გაძლიერების და ტვინების გადინების პრევენციის, მსოფლიო დონის კლასტერული ეკოსისტემების ჩამოყალიბების, ასევე კერძო სექტორისა და სტარტაპების მონაწილეობის გაღრმავების აუცილებლობა. ეს ყველაფერი, ავტორების აზრით, აუცილებელია განვითარების მიმდინარე ტემპების შესანარჩუნებლად და პოლიტიკური ინიციატივების მდგრად გლობალურ ლიდერობად გარდაქმნისთვის. 

„წარმატება მოწინავე წარმოებასა და ღრმა ტექნოლოგიებში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონცეფციის „ვიკშიტ ბჰარატ 2047“ განსახორციელებლად“, — განაცხადა სუდიპტო სანნიგრაჰიმ, Z47-ის მმართველმა დირექტორმა. სანნიგრაჰიმ მოუწოდა პოლიტიკოსებს, უფრო აქტიურად მოახდინონ დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტების მობილიზება მთელი ინდოეთის მასშტაბით და აშშ-ში ინდური დიასპორის შორის, ასევე შეიმუშაონ მიზანმიმართული სტრატეგიები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად მიაღწიონ მდგრად შემოსავლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×