
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
ისაუბრეს არსებული მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვის, საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების თაობაზე, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ფასეულია სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველოს პრეზიდენტმა სერბი კოლეგა საქართველოში მიიწვია.
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.