
ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით თითქოს ხომ ასაგდები თემა იყო, რომ ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა რაც შეიძლება ამაყად, მაღლად უნდა ფრიალებდეს და ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი იდეოლოგიური თუ ფასეულობითი ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს განცხადებაში არსებული კიდევ ერთი თემა, რომელიც დაკავებულ მოქალაქეებს შეეხებოდა, ამტკიცებს, რომ მათ სასამართლო სისტემის აღიარება არ უნდათ.
„ვინც იმ განცხადებას აკეთებს, რომ მედიას ვდევნით, ერთხელ საქართველოში უნდა ჩამოიყვანო, პარლამენტში მოიყვანო, ამ ტრიბუნასთან დააყენო და დაინახავს „მედიის დევნის“ საუკეთესო მაგალითს. უნდა მოასმენინო როგორ ესაუბრება მედია პრემიერ-მინისტრს თუ თანამდებობის პირებს და დაინახავენ ვინ არის დევნის ქვეშ.
რაც შეეხება პატიმრებს - როდესაც ადამიანებს შენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ მოუწოდებ და შემდეგ ამას კანონის შესაბამისი პასუხი გაეცემა, ის არ არის პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი ან უკანონო პატიმარი. საქართველოში მყოფ ყველა პატიმართან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია სასამართლო პროცესი ჩატარდა - ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ სასამართლო სისტემის აღიარებაც არ უნდათ. ეს არის მათი სახე, რომ ერთი მიზანი აქვთ: ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება რადაც არ უნდა დაუჯდეთ.
ასევე გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გავაუქმოთ. ამ ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით თითქოს ხომ ასაგდები თემა იყო, რომ ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა რაც შეიძლება ამაყად, მაღლად უნდა ფრიალებდეს და ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი იდეოლოგიური თუ ფასეულობითი ნაწილი უნდა იყოს.
გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობაა დაუშვებელი, რადგან გამჭვირვალობის და მედიამრავალფეროვნების პირობებში ადამიანი ინფორმირებული ხდება. ინფორმირებული ადამიანი კი სასაკლაოზე ძნელი გასარეკია. ამიტომ, ეს ინფორმირებულობა და გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში, ევროპული ფასეულობა აღარ გახდა.
გვეუბნებიან, რომ პატივს სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რას სცემენ პატივს, როცა ოკუპირებულ ქვეყანას გვეუბნებიან, რომ რუსეთს სანქციები დაუწესე, რომ არამარტო შენი ეკონომიკა არამედ შენი ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან პირდაპირ შეერთება გამოიწვიო. რუსეთი მარტო ეკონომიკური სანქციით შემოიფარგლება და ცხინვალს არ შეიერთებს? აქ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა? ეს ხომ ფარატინა ქაღალდია უკვე, რომელიც იქ მოლაპარაკეებს არ აინტერესებთ”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელaრუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში.საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.