
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა ევროპული საბჭოს დღევანდელ სამიტზე უკრაინის დაფინანსების მიზნით ერთიან კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.
მაკრონის თქმით, აუცილებელია რუსეთისათვის უკრაინის წინააღმდეგობის ძალისხმევის ხელშეწყობა და ამისათვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება.
„ევროკომისიამ მოლაპარაკებების მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზა. დაწყებულია დისკუსია გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე. აუცილებელია ყველას გაერთიანება. სესხის გზით დაფინანსებაზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ამისთვის გამოსავალს გამოვნახავთ. უკრაინას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობის ძალისხმევა განაგრძოს. უნდა ვიმუშაოთ კოლექტიურად და მშვიდად. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს გამოვნახავთ, რადგან გვაქვს წინსვლის ერთიანი სურვილი“, - თქვა მაკრონმა.
მარკონის პოზიციას იზიარებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც, რომელიც უკრაინის დაფინანსებას ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს.
„მარტივი არჩევანის წინაშე ვართ. ან დღეს გავიღებთ ფულს, ან ხვალ - სისხლს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ჩვენი მისაღებია. ვფიქრობ, ყველა ევროპელმა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა“, - აღნიშნა ტუსკმა.