
ბრიუსელისა და სტრასბურგის შესაძლო რეაქციებზე, თბილისი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ საუბრობდა. საქართველოს ხელისუფლების თქმით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დაწერილი ჰიბრიდული თავდასხმის სცენარის თანახმად, მაღალ ტრიბუნაზე მდგომ ევროპელ პოლიტიკოსებს, "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ქიმიური იარაღის გამოყენებასა და საკუთარი მოქალაქეების მოწამვლაში უნდა დაედანაშაულებინათ, შემდეგ გამოძიება მოეთხოვათ, ხმამაღალი განცხადებებისთვის საჭირო საფუძველი კი BBC-ის უნდა ჩაეყარა, რომელიც იარაღი იყო ბრიუსელის ხელში.
თბილისის მოლოდინი, სტრასბურგმა მალევე გაამართლა. საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმის, პირველივე შესაძლებლობა კარგად ნაცნობმა და ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა ევროპარლამენტარებმა გამოიყენეს. რასა იუკნევიჩიანე და ტობიას კრამერი - ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ამტკიცებდნენ, რომ 1 მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიკატები წყლის ჭავლში შეურიეს და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს. მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიებაც.
ბრიუსელის გეგმებზე, თბილისმა რომ დიდი ხნის წინ იცოდა, ლევან მაჭავარიანის მიერ გავრცელებული ვიდეო კოლაჟიც მოწმობს. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს ხელისუფლების და ხელისუფლების კარგად ნაცნობი კრიტიკოსების განცხადებებს აქვეყნებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 3 დეკემბერს პროგნოზირებდა. ლევან მაჭავარიანი დაფიქრებისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც დააჯერეს, რომ ბრიტანული მაუწყებლის ე.წ გამოძიების მიღმა პოლიტიკური ინტერესი არ დგას.
ციტირებაც მოხდა და საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებიც წაუყენეს, თუმცა რა მტკიცებულებებს ეყრდნობოდნენ, მკაცრი ტონით და მტკიცებით ფორმაში მოსაუბრე ევროპარლამენტარები, პასუხი არ აქვთ ქართველ პარტნიორებს. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ გერმანელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მხოლოდ საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს.
ერთ ხმაში მოსაუბრე ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, სახელისუფლებო გუნდისთვის, საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანიის მორიგი დასტურია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დაზიანება და ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო.
ყველა კითხვას პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებამ გასცა. "კამიტის", იგივე ბრომბენზილციანიდთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში გამოკითხული 93 პირიდან, ყველამ უარყო, რომ მათი ინფორმაციები, მომწამვლელ ნივთიერება "კამიტს" ეხებოდა. სუს-მა დაადგინა, რომ შსს-ს 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს, არა მხოლოდ "კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. ითქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და თემა დახურულია.