
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელასთან ომს არ გამორიცხავს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა შესაძლებლობას, რომ ბოლოდროინდელმა ქმედებებმა შესაძლოა, ომი გამოიწვიოს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.
„მე ამას არ გამოვრიცხავ. ეს მოცემულობაზეა დამოკიდებული. ისინი იმდენად სულელები თუ არიან, რომ ნაოსნობა განაგრძონ, ჩვენს ერთ-ერთ ნავსადგურში დაბრუნდებიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, არის თუ არა მისი საბოლოო მიზანი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენება: „მან ზუსტად იცის, რა მინდა. მან ეს ყველაზე უკეთ იცის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რამაც ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლა გაზარდა. ამასთან, აშშ-მა ცოტა ხნის წინ ვენესუელას სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა.