
თბილისის სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლებმა გამოძახებაზე მისვლის შემდეგ ქალს გული აუმუშავეს და მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ასაკოვანი ქალბატონი შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
„გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1222 ბრიგადას პაციენტი იატაკზე მწოლიარე დახვდათ. ქალბატონს არ ჰქონდა პულსი და აღარ სუნთქავდა. მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა. ბრიგადის წევრების მიერ პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისა და ტრაქეის ინტუბაციის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში, გულისცემა აღდგა“, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს.
„1222 ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ტრადიციისამებრ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ექიმმა ვიქტორ ჭანკოტაძემ მოიკითხა მის მიერ გადარჩენილი პაციენტის მდგომარეობა - ქალბატონი „თრომბოემბოლიის“ დიაგნოზით კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.
#გვეამაყება
ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე
უმცროსი ექიმი გიორგი ფანჩულიძე
მძღოლი შოთა ფერაძე“, - წერს გვერდი.