
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თარაშ პაპასქუამ დიპლომატიური საქმიანობა ადრე დაასრულა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი მიდის. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:
„ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო! 22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. ოჯახთან ერთად, საბოლოოდ ვბრუნდები საქართველოში. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო… სამომავლო გეგმებზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის.
რაც შეეხება კორეაში საქართველოს ელჩობას (პირველი ქვეყანა ელჩის რანგში), ეს იყო მართლაც გამორჩეული პატივი და პასუხისმგებლობა. ამ შესაძლებლობისთვის და ჩემი კანდიდატურის წარგენისთვის ყოფილ მინისტრს ილია დარჩიაშვილს მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო! ჩრდილოეთ აზიის ამ მართლაც უძველესი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაში, რომელიც დღეს აზიაში მე-4 ეკონომიკაა, ჩემს საქმიანობას დიდი შემართებით, ენთუზიაზმითა და მონდომებით შევუდექი. სამხრეთ კორეა მართლაც გამორჩეულია ბევრი თვალსაზრისით.
ყველაზე მთავარი კი, ალბათ არის ის, რომ კორეელმა ხალხმა შეუძლებელი შეძლო და სულ რაღაც სამოცდაათი წლის წინ, კორეის ომის დასრულების დროს (1950-1953) ერთერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან, დღეს მსოფლიოში ერთერთ ლიდერ სახელმწიფოდ გვევლინება როგორც დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცების, ასევე ინოვაციებისა და მომავლის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების კუთხით.
საქართველო-კორეის ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვფიქრობ განვლილი სამი წელი არც თუ უშედეგო იყო, გვქონდა ბევრი წარმატებაც, ასევე იყო წარუმატებლობაც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო სამ წელიწადში მსოფლიო გეო-სტრატეგიული ვითარება წარმოუდგენლად შეიცვალა, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზეც (აშშ-ჩინეთის სტრატეგილი კონკურენცია; რუსეთის ღია აგრესია და დამანგრეველი ომი უკრაინის წინააღმდეგ; რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია; რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა ჩრდილოეთ კორეასთან, რითაც ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციის რისკი კრიტიკულად გაიზარდა; ახალი ცხელი წერტილები ჩვენსავე რეგიონსა და სამეზობლოში).
ამასთან, მიუხედავად მართლაც ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობისა, საქართველო-კორეის კონტექსტში, რაც საჯარო ინფორმაციაა, 2023 წელს, სამწუხაროდ ვერ დავუჭირეთ მხარი „მსოფლიო ექსპო 2030“-ის არჩევნებში ქ.ბუსანის კანდიდატურას, რომელიც კორეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პრიორიტეტიც კი იყო. რა თქმა უნდა, ქვეყანას ყოველთვის უწევს არჩევანის გაკეთება რომელიმე პარტნიორის სასარგებლოდ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა იმ დროს, როგორც ახლად დანიშნულ ელჩს, ძალიან კარგად მახსოვს რამხელა ძალისხმევა, დრო და რესურსი დაუთქმო კორეამ კონკრეტულად ამ საკითხს და შესაბამისად, დროც ბევრი დაიკარგა ომრხრივი ურთიერთობების დინამიკაში.
ასევე, 2024 წლის 3 დეკემბერს, კორეაში მოხდა ის რაც ბოლო 40 წელი არ მომხდარა - გამოცხადდა საგანგებო საომარი მდგომარეობა, რომელსაც მოყვა პრეზიდენტის მყისიერი იმპიჩმენტი, თანმხლები მწვავე შიდა პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება არჩევნების გზით 2025 წლის 3 ივნისს. სამწუხაროდ, არც ჩვენს ქვეყანაში განვითარებული შიდა პოლიტიკური ვითარება აღმოჩნდა სახარბიელო. ბოლო არასრულ ორ წელიწადში, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად შესუსტდა და საქართველოს იმიჯი კი, მნიშვნელოვნად დაზიანდა...
გულითადი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე, კორეა!