
"ბიჭიკო პაიკიძე 9 დეკემბერს ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში დააკავეს - მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო", - ამის შესახებ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიჭიკო პაიკიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი და მისი საექსტრადიციო პროცედურების "დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“.
"ბიჭიკო პაიკიძე იყო ძებნილი. მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, მათ შორის ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 9 დეკემბერს მოხდა მისი დაკავება ესპანეთში, ბარსელონაში. ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ახლა მთავარია, რომ ის გადმოსცენ ქართულ სამართალდამცავ უწყებებს, რათა გასამართლდეს.
როდესაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაიწყო ძებნა, ის ბარსელონაში აღმოჩნდა და დააკავეს. ჩემი ინფორმაციით, სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონდა.
მოითხოვა თუ არა მან პოლიტიკური თავშესაფარი, ეს საკითხი ჩემთვის უცნობია, მაგრამ, რაც შეეხება ექსტრადიციას, გადმოცემის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, - განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.