
მუდმივ ამ კონსულტაციებზე საუბარს ჯობია, კონკრეტული ქმედებები იყოს, რაშიც ეს ერთიანობა აისახება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობაში მყოფმა ძალებმა გადაწყვეტილებები ერთად უნდა მიიღონ.
„ერთიანობაზე მუდმივ საუბარს ჯობია, ერთიანები ვიყოთ ქმედებებში. არაფერი გასაყოფი ისედაც არ გვაქვს, ისედაც ვინც ვართ წინააღმდეგობაში, ვართ წინააღმდეგობაში. ვინც უღალატა ამ წინააღმდეგობას, უღალატა. ვინც დარჩენილია, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები ჰქონდეს მიღებული, მაინც ერთად ვართ, ერთ ბედქვეშ ვართ, გადაწყვეტილებები ერთად უნდა მივიღოთ. ამიტომაც, მუდმივ ამ კონსულტაციებზე საუბარს, ჯობია კონკრეტული ქმედებები იყოს, რაშიც ეს ერთიანობა აისახება“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ზურაბ ჯაფარიძის მიერ პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჯერ ძალიან ადრეა.
„ჯერ ძალიან ადრეა საერთო მინისტრთა კაბინეტზე საუბარი. თუმცა, ზოგადად ზურა ჯაფარიძის პოზიციები ერთიანობასთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის მისასალმებელი იყო. ეს კაცი, მაშინაც კი, როდესაც მისი ბევრი პარტნიორი ამას ვერ ხვდებოდა, თვითონ ძალიან კარგად აანალიზებდა ერთიანობის მნიშვნელობას, ზურას ამ მხრივ ჩემგან სასაყვედურო არ აქვს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.