რეზონანსი
20.12.2025

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის პირველ ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვნები - ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ, 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე, გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ორი პირი. ერთ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა). ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული).

ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×