
რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია, თუმცა პუტინს ბრძოლის გაგრძელება, სულ მცირე, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში შეეძლება, – ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის ეკონომიკა სხვადასხვა სექტორში მზარდ სირთულეებს აწყდება, რაც გამოწვეულია სანქციებით და გადაჭარბებულ სამხედრო ხარჯებით. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ნაადრევია თქმა, რომ კრემლი ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინის განადგურების გეგმებზე უარს იტყვის.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარის, მარია სნეგოვაიას განცხადებით, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა კრემლს საშუალებას აძლევს, ბრძოლა, სულ მცირე, სამიდან – ხუთ წლამდე პერიოდში გააგრძელოს. მისი თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივის პროგნოზირება კი რთულია.
მარია სნეგოვაიას თქმით, ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ომებს წყვეტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნის წინაშე, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის ბოლოს და საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში წარმოებული ომის დროს მოხდა. მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ამ პერსპექტივისგან შორს არის, ხოლო მიღწევას რუსეთის ეკონომიკაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაცილებით სერიოზული ზეწოლა დასჭირდება.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ დასავლეთის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკას საკმარისი ზიანი არ მიადგა, რათა კრემლს სამხედრო გეგმები შეეცვალა.
როგორც „სიენენს“ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის საერთაშორისო უსაფრთხოების უფროსმა მკვლევარმა, რიჩარდ კონოლიმ განუცხადა, „რუსეთი ვიდრე ნავთობს აწარმოებს და ადეკვატურ ფასად ყიდის, მას გადარჩენისთვის საკმარისი ფული ექნება. არ ვამბობ, რომ მათთვის ეს ნამდვილად ვარდისფერი სურათია, მაგრამ საკმარისი რესურსები აქვთ“.