
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – დაკავებულია ექვსი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, ასევე, დაუფლების ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული გ.ჩ., 2005 წელს დაბადებული გ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ.ჯ., 1982 წელს დაბადებული გ.მ., 1997 წელს დაბადებული ო.დ., 1984 წელს დაბადებული გ.გ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს – სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.