
ევროკომისიის მიზანი როგორც ჩანს არ იყო ობიექტური და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და მასზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, საკუთარი ორმაგი სტანდარტების გამართლება სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით საქართველოსთან დაკავშირებით.
„ქვეყნებზე, რომლებიც კორუფციის, თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგანან, ერთ სიტყვას არ ამბობენ მაშინ, როდესაც სხვებს და განსაკუთრებით საქართველოს აკრიტიკებენ ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლოდ. მისი [შეფასების დოკუმენტის] მთავარი მიზანი არის პოლიტიკური შანტაჟისთვის სხვა ქვეყნებთან გამოყენება", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ" კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.