რეზონანსი
22.01.2026

შეუძლებელია, ისეთ ვერაგ მტერს, როგორიც არის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე „რუს-ქოცური“ რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმის სახით, დამარცხდეს დაქსაქსული, ფრაგმენტირებული, ურთიერთდაპირისპირებული ოპოზიციური სპექტრით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ერთიანობის აუცილებლობის თაობაზე.

ბოკუჩავა სააკაშვილს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი და რეალური შანსი არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში.

„შეუძლებელია, ისეთ ვერაგ მტერს, როგორი არის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე „რუს-ქოცური“ რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმის სახით, დამარცხდეს დაქსაქსული, ფრაგმენტირებული, ურთიერთდაპირისპირებული ოპოზიციური სპექტრით.

აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ასე მოხდეს, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და დავაბრუნოთ ნორმალური, მშვიდობიანი განვითარების გზას.

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ [წითელი ხაზები] არ არსებობს, ამას დიდი ხანია ვამბობთ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

გარდა აღნიშნული თემისა, ბოკუჩავამ დავოსის ფორუმზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს ემუქრება საფრთხე, გახდეს გეოგრაფიული ჩიხი“.

„დავოსში საქართველო ყოველთვის ძალიან ღირსეულად იყო წარმოდგენილი, როდესაც ჰყავდა ღირსეული, ეროვნული მთავრობა. დღეს, „რუს-ქოცური“ რეჟიმის სახით გვყავს რუსული საოკუპაციო მარიონეტული კრიმინალთა ბანდა, რომელიც საქართველოს ვერსად წარმოადგენს აშხაბადის გარდა, ვლადიმერ პუტინის გვერდით. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ არის, რომ ყველა ეკონომიკური შეთანხმება, შესაძლებლობა, კეთილდღეობის შანსი, რომელიც იდება დავოსში, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში, ხდება საქართველოს გარეშე. უნდა დავიბრუნოთ ეს შესაძლებლობები, უნდა დავიბრუნოთ საქართველო, ნათელი მომავალი და ამას შევძლებთ ერთიანობით. დიდხანს ვსაუბრობდი, რომ არ რეჟიმის პირობებში საქართველოს ემუქრებოდა გამხდარიყო გეოგრაფიული ჩიხი და არა მთავარი სატრანზიტო, გეოპოლიტიკური და სტრატეგიული, ეკონომიკური და სავაჭრო ჰაბი“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა, რომ სომხური მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ერთობას, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა:“დღეს საუბარი იმაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, საერთოდ ზედმეტია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ვისაც ჯერ კიდევ უხარია, რომ ჩემმა პარტიამ ცოტახმიანი პროცენტი მიიღო, იმას საერთოდ ვერაფერი გაუგია და არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს... ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×