რეზონანსი
22.01.2026

ქსელურ სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ინფორმაციას შესაბამის ასოციაციაში უდასტურებენ. კერძოდ, რითეილ ასოციაციაში აცხადებენ, რომ სუს-მა კომპანიებში ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო.

"შესამოწმებლად მოგვმართეს განჩინებებით და ამოიღეს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. ამოღებულია ხელშეკრულებები, ინვოისები, ფაქტურები. მშვიდობიანი ფორმით“, - აცხადებენ რითეილ ასოციაციაში.

ფაქტს ადასტურებენ კომპანია "აგროჰაბშიც".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. მოითხოვეს პროგრამული ბაზები. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით. მოულოდნელად არ მომხდარა, წინასწარ დაგვირეკეს, თუ ხართ ოფისშიო, რაღაც საკითხები გვინდა გავიაროთო და მოვედით. ფასებთან დაკავშირებითაა, რაზეცაა ბოლო პერიოდი საუბარი. შესყიდვებთან დაკავშირებით აინტერესებთ ყველა ტიპის დოკუმენტაცია", - განაცხადა "აგროჰაბის" დირექტორმა ტელეკომპანია "პირველთან".

როგორც სუს-ში განაცხადეს, ათობით განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სასურსათო კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×