რეზონანსი
22.01.2026

იკვეთება სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიას მიმართ. იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ 20 ივნისის საქმეზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანის თქმით, გიორგი გახარიამ ბევრჯერ განაცხადა პირდაპირ ეთერებში, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მან გასცა, თუმცა მოგვიანებით ეს ჩვენება უარყო.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, თუ რამდენ პირდაპირ ეთერში აქვს ბატონ გახარიას გამეორებული და ხაზგასმული, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მან გასცა ბრძანება და შემდეგ, როგორ შეცვალა ეს ჩვენება საგამოძიებო კომისიაზე, როდესაც ძალიან ბინძურად შეაწმინდა ხელი პოლიციელებს და თქვა, რომ ეს პოლიციელების თვითნებური გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოგვეხდინა. სტრასბურგის სასამართლომ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს ნაწილი გამოძიების ბოლომდე მიგვეყვანა. იკვეთება, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიასი. იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, აქ პოლიტიკური მდგენელი არ მონაწილეობს. ეს არის კანონის აღსრულება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი იმართება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებზე მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×