
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესს არცერთი ბრალდებული არ ესწრება.
ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოში გამოცხადებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა. მურთაზ ზოდელავას განცხადებით კი, გამომდინარე იქიდან, რომ ხაბეიშვილი არ ესწრება პროცესს, თავადაც უარს ამბობს დღეს პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა არა პროტესტის ნიშნად.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის გამოუცხადებლობას სასამართლო სხდომაზე, მისი წერილობითი პოზიცია ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გააცნო მოსამართლეს და პროკურორს.
"მედავებიან მხოლოდ საუბარს. პროტესტი მაქვს ე.წ. პროკურორთან. არასრულწლოვანებთან შეხვედრას მიკრძალავს, რას ერჩიან ჩემს შვილებს? შობას კარგი იყო, რომ დაიპრანჭებოდნენ თანამდებობის პირები შვილებთან ერთად? ჩემი შვილები ბავშვები არ არიან? რით დაიმსახურეს ასეთი გამწარებული სკოლის ასაკი.... ვწუხვარ ამ სიბოროტის გამო, ვინც ამას ხელს აწერთ ", - წერს ლევან ხაბეიშვილი განცხადებაში
სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვით გრძელდება. დაცვის მხარის შეკითხვებს სუს-ის თანამშრომელი გელა აბესაძე პასუხობს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.