რეზონანსი
22.01.2026

 საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნება პრემიერ-მინისტრისთვის სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დებატებით სარგებლობა არაფორმალური ძალების ინტერესში არ შედის, თუმცა ვერც მათი და ვერც უცხო ძალების „ქართველ" მოკავშირეებს მათი მიზნების განხორციელების საშუალება არ უნდა მიეცეთ. მთავრობის მეთაური დღეს გავრცელებულ ვრცელ წერილში წერს, რომ სწორედ არაფორმალურმა მმართველებმა დემოკრატიის განადგურების მიზნით ჩაახშეს და დახურეს განსხვავებული აზრის მნიშვნელოვანი პლატფორმები, რაც ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო.

მედია სივრცესა და საზოგადოებაში დებატების დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, მანკიერი პრაქტიკა წარსულში უნდა დარჩეს და ვისაც დემოკრატიისა და მედიის ობიექტურობის ინტერესი აქვს, საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ადრესატებმა არაერთგვაროვნად მიიღეს. ოპოზიციის ნაწილი მთავრობის მეთაურის შეთავაზებას უპირობოდ თანხმდება, ნაწილი კი ცდილობს ინიციატივა საკუთარ დღის წესრიგს მოარგოს.

ობიექტურობა - სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, სწორედ ამ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს მედია, რომელსაც დებატების გამართვის პრეტენზია ექნება.

პრემიერ-მინისტრი ვრცელ განცხადებაში იხსენებს კონკრეტულ ფაქტებს, თუ როდის და რა მიზნით დაიწყო დისკუსიისა და დებატების წინააღმდეგ ბრძოლა. ვითარება 2008 წლის შემდეგ შეიცვალა, 2020 წელს კი მდგომარეობა გაუარესდა და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენით წამყვან ევროპულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ცნობილი და რეიტინგული დებატები დაიხურა.

პრემიერ-მინისტრი წერს, რომ იმისთვის, რათა საზოგადოებამ არჩევანის გაკეთება სწორი ანალიზის შედეგად შეძლოს, საშუალება უნდა ჰქონდეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც მმართველობაში ყოფნის ინტერესი აქვს.

დებატებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, დაწყებული სახალხო შეკრებებზე გამართული "საკამათო მოედნებით", დასრულებული სატელევიზიო დებატებით. მისი მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო - მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს მდგომი პოზიცია.

რადგან დებატების კულტურა სწორედ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, დემოკრატიის ეს უალტერნატივო საყრდენი ყველაზე მეტად, თანაც უმაღლეს დონეზე, სწორედ ევროპის კონტინენტზე - ევროპულ ქვეყნებში იყო განვითარებული. დებატები იმართებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა თემაზე, იქნებოდა ეს პოლიტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი თუ სხვა. ამ ფორმით მოსახლეობა მაქსიმალურად იყო ინფორმირებული ნებისმიერ გამოწვევასა თუ მიღწევაზე, რაც საბოლოოდ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევდა.

სამწუხაროდ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა - ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა - ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. თუმცა იმ განსხვავებით, რომ "დიპ სტეიტის" აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ შეძლო -ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×