
ხელისუფლების ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში საპროტესტო მუხტს ზრდის. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი ნაწილის აზრით, „ქართული ოცნება" ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ესკალაცია და ოპოზიციური რესურსების გახარჯვა ახლა მოხდეს და არა მომავალი არჩევნების წინ. ანალიტიკოსების თქმით, ამგვარი რამ „ოცნებამ" ერთხელ უკვე გაააკეთა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით და მაშინ ამან გაამართლა.
ამჟამად პირველ რიგში საუბარია თსუ-სა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სტუ-ს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) გაერთიანებაზე, რასაც უკვე მოყვა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების, მათ შორის „ოცნების" მხარდამჭერების ნაწილის უკმაყოფილებაც.
ამის პარალელურად მმართველმა პარტიამ პარლამენტში გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დააინიცირა, რასაც ოპოზიცია და ანალიტიკოსთა ნაწილიც დიქტატურის ფორმირებისკენ მორიგ ნაბიჯად აღიქვამს და მკვეთრად აკრიტიკებს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილებები ქვეყანაში საპროტესტო მუხტს გაზრდის, თუმცა არა იმ დონემდე, რომ პოლიტიკურ პროცესებში გარდატეხა შეიტანოს.
თსუ-სა სტუ-ს გაერთიანებაზე საზოგადოებამ განათლების მინისტრ გივი მიქანაძის 29 იანვრის საგანგებო ბრიფინგიდან გაიგო. მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამაზე ინფორმაცია მხოლოდ წინა დღით შეიტყო.
ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა და პროფესორთა პროტესტი მოჰყვა.
მინისტრის თქმით, არც სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები და არც აკადემიური პერსონალი არ შემცირდება, დამატებით შემოდის წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
გასულ კვირას ასევე გაირკვა, რომ გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა. ცვლილებები 7 კანონში შედის, მათ შორის „გრანტების შესახებ", „სისხლის სამართლის კოდექსსა" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში.
ზრდის თუ არა „ოცნების" გადაწყვეტილებები საპროტესტო მუხტს
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტის ახალი „ფლუიდები" ნამდვილად გაჩნდა და ამას „ოცნება", სავარაუდოდ, მიზანმიმართულად აკეთებს, რათა საზოგადოებას ახლა „გამოაშვებინონ ორთქლი" და არა, ვთქვათ, უახლოესი არჩევნების წინ, როდესაც ხელისუფლების პოზიციები შეიძლება არც ისე მყარი იყოს.
„პროტესტის ახალი ფლუიდები გაჩნდა, ეს უდავოა, თუმცა, გააჩნია მასშტაბებს. თან გაზაფხულზე და შემოდგომაზე ემოციურობის ხარისხი იზრდება. ადრე უკვირდათ ე.წ. რუსული კანონი ერთხელ რომ შემოიტანეს და უკან გაიტანეს, მერე ხელახლა რატომ დააბრუნესო. მაშინ ივანიშვილის მხრიდან გულახდილად ითქვა, რომ ეს პროვოცირებისთვის გავაკეთეთო, რომ რაც მოსახდენია სჯობს ახლა მოხდეს, ვიდრე არჩევნების დროსო.
„აღმოჩნდა, რომ ეს იდეა სწორი იყო - არჩევნების დროს რომ უცხოეთის მხრიდან ის ჩარევა ყოფილიყო, რაც უფრო ადრე იყო, ხელისუფლება პროტესტის შეჩერებას ან მოახერხებდა და ან ვერა. მოულოდნელობის ხარჯზე უფრო ძლიერი იქნებოდა. არ გამოვრიცხავ, შეიძლება რაღაც ანალოგიური აქაც იყოს - 2028 წელი ჯერ შორია და ბევრი ინიციატივა გაუგებარია, თუნდაც იგივე დებატები, რომელიც არჩევნებს უძღვის ხოლმე წინ.
- „გამორიცხული არაა, რომ პრევენციის ანალოგიური საშუალებაა უმაღლესების გაერთიანებაც - რომ თუ დასაცლელია ახალგაზრდობის მუხტი, ამ მოვლენაზე დაიცალოს და არა მერე პოლიტიკურ პროცესზე.
„ველოდები, რომ რაღაც გამოსვლები იქნება. ველოდები იმასაც, რომ პროცესი დამუხრუჭდება და მსჯელობის რეჟიმში გადაიტანენ. უნივერსიტეტებზე ყოველგვარი მსჯელობა-ანალიზის გარეშე საზოგადოებას პირდაპირ გადაწყვეტილება გააცნეს და ამიტომ იყო ეს სიმძაფრე. თუ პროტესტი ძალიან დიდი იქნა, შესაძლოა საერთოდ შეაჩერონ, თუ მცირე იქნა - მსჯელობის რეჟიმში გადაიტანენ.
„კანონებში ცვლილებებსაც დაახლოებით იგივე მიზანი შეიძლება ჰქონდეს - ეს პროცესიც იმდენად დააშორეს არჩევნებს, რომ აშკარად პროცესების პროვოცირებას ელიან, თუმცა, ასეთ კანონებთან უკვე შიდა მოვლენები ნაკლებად იქნება და ალბათ უფრო გარე რეაქციებს დაელოდებიან", - განაცხადა საყვარელიძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" სხვადასხვა ჯგუფებს ცალკ-ცალკე ურტყამს, რაც პროტესტს კი არ აერთიანებს, არამედ ქსაქსავს.
„რაღაც ნაწილში მუხტს შეიძლება ზრდის, მაგრამ რაღაც ნაწილში ეს უკვე მომკვდარია. ყველაზე სერიოზული საკითხი ევროკავშირზე უარის თქმა იყო, მაშინ ყველაზე მეტი ადამიანი გამოვიდა და ამის მერე გაქრა. ეს ადამიანები „ოცნების" მომხრეები არ გამხდარან, მაგრამ აღარ გამოდიან, რადგან გამოსავალს ვერ ხედავენ.
- „ოცნება" ვერაგულად, მაგრამ გონივრულად იქცევა, ასუსტებს საპროტესტო მოძრაობას იმით, რომ დაქსაქსვა ხდება. „დაყავი და იბატონე"-ს პრინციპით, სხვადასხვა ჯგუფებს ცალკ-ცალკე არტყამენ და გაერთიანება არ ხდება.
„სულხან-საბას იგავის არ იყოს, ძაღლები ერთმანეთში ჩხუბობენ, მაგრამ მგელი რომ გამოჩნდება - ერთიანდებიან, ჩვენთან კი „მგელი" რომ გამოჩნდება, არ ერთიანდებიან.
„სამოქალაქო სექტორს რომ ურტყამს, ბევრი ფიქრობს, რომ ესენი გამდიდრდნენ და მათ გამო ხომ არ გავალო. როცა ენმ-ს ურტყამს, ვიღაცა იტყვის - ეს ისედაც ასაკრძალიაო. ახლა სტუდენტებს ურტყამენ.
„ოცნება" არჩევნებით სულდგმულობს, ოპოზიცია კი ბოიკოტით და რევოლუციის გამოცხადებით პოზიციებს უმყარებს მას. ახლა ახალგაზრდებს იმიტომ ურტყამს, რომ უნდათ ის ინტელექტუალური რესურსი შეასუსტონ, რომელიც 2028 წელს ოპოზიციას პარლამენტში შეიყვანს. სამი წელი გვაქვს წინ და არაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდები იძულებულები გახდნენ და ვიდრე ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, მანამდე საქართველოდან წავიდნენ. მათი მთავარი ამოცანაა საქართველო ახალგაზრდებისგან დაცალონ. უკვე დიქტატურის ნიშნებია, როცა ყოველგვარი კონსესუსის გარეშე რაღაცას გკარნახობს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მოსალონელი შედეგები
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ საპროტესტო მუხტის გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არსებობს ქვეყანაში ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა.
„მუხტის გაზრდა ხშირად ალტერნატივაზეა დამოკიდებული. ცხონებული ლევან გაჩეჩილაძე სრულიად გასაგები პოზიციით იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, საპრეზიდენტო არჩევნებში შევიდა და ვერ გაიმარჯვა. იძახიან - გაყალბდაო, მაგრამ ეგ ყოველთვისაა მოსალოდნელი და უფრო დიდი პოტენციალი უნდა გქონდეს, ვიდრე პატიოსან ბრძოლას სჭირდება და ეს ვერ დაძლია.
„მერე ივანიშვილი გამოჩნდა და გაყალბება კი არა, ხელისუფლებამ სატელიტური „თეფშების" დაპატიმრება დაიწყო, ბანკი დაუხურეს, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. ეს იმიტომ, რომ უფრო მეტად მის ქველმოქმედ ფიგურას ენდნენ, ვირე გაჩეჩილაძეს. სააკაშვილის ალტერნატივა ივანიშვილის სახით უფრო წონიანი იყო.
„ახლაც ისეთი მუხტი იქნება, რამდენად წონიანიც იქნება ალტერნატივა. ეს წონიანი ალტერნატივა კი საერთოდ ჰორიზონტზე არ ჩანს. პროტესტები იქნება, მაგრამ მეეჭვება ამას მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები გამოიღოს.
„2024 წელს პროტესტი გაცილებით დიდი იყო და ამჟამად ნაკლებ მუხტს ველოდები. მაშინ მაინც სტარტი იყო და დასაწყისში მუხტი ყოველთვის მაღალია" - განაცხადა საყვარელიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი კი გვეუბნება, რომ ხელისუფლების შეცვლისთვის საჭიროა ქუჩაში ასი ათასი კაცი იდგეს ორი კვირით და დღეს ეს შემართება არაა.
„თუ, პირობითად, ყოველდღე 500 ადამიანი გამოდის, ახლა 800 გამოვა. „ოცნებას" სჭირდება 100 ათასი ადამიანის ორი კვირით გამოსვლა, რომ ჩამოიშალოს. ეს ოდენობა გვყავს, ოღონდ ორი საათით გამოდის, მეტი არა. ისინი არჩევანს ვერ ხედავენ.
„ორი აზრი არაა - „ოცნება" წასასვლელია, მაგრამ დაბრუნების ყველაზე მეტი პრეტენზია ენმ-ს აქვს, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კი ისინი არ უნდა. „ნაცმოძრაობას" ჭკუა არ ყოფნის, რომ მოკეტოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.