
სახელისუფლებო არხები დებატებს იწყებენ - "იმედმა" ახალი ფორმატი უკვე დაანონსა, თუმცა, კატეგორიული უარი თქვა მასში "ნაცმოძრაობის" ჩართულობაზე. დებატები დაიწყო "რუსთავი 2"-ზეც, უკვე ცნობილია პირველი ეთერის სტუმრებიც, თუმცა მონაწილეობაზე პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" უარი თქვა.
ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან საჯარო დისკუსიისთვის, თუმცა, "თუ "ქართული ოცნება" საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება".
მმართველ პარტიაში კი საპასუხოდ აცხადებენ, რომ "როდესაც საპარლამენტო პარტია ხარ, დებატებს არ უნდა გაურბოდე" და ამის მიზეზი შეიძლება "არგუმენტების არქონა იყოს".
დაანონსებული დებატების მიზანი
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვისაც ეშინია დებატებში არ მიდის და "იმედი" "სწორს აკეთებს", როცა ენმ-ს მისვლაზე უარს ამბობს.
- "ვისაც ეშინია, ის არ მიდის დებატებში, ვისაც არ ეშინია, მიდის იქ, სადაც მისასვლელი აქვს. "ნაციონალური მოძრაობა" კი დებატებში როგორ უნდა მივიდეს? "იმედი" აბსოლუტურად სწორს აკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ ენმ, როგორც პარტია დიდი ალბათობით კანონგარეშედ ცხადდება. ყველამ ვიცით, თუ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე მას რა დანაშაულებები აქვს წარსულშიც და ამჟამადაც.
"დებატები პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს, რადგან როდესაც მასში ნორმალური ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და როდესაც იქნება აზრების ჭიდილი, ეს რა თქმა უნდა ძალიან შეუწყობს ყველაფერს ხელს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება რეალურ დებატებს არ აპირებს და ეს თემა პროპაგანდისთვის უნდოდა. მისი თქმით, თუ დღევანდელ ოპოზიციასთანაც არ შეუძლია "ოცნებას" იდებატოს, მაშინ "მთლად ცუდად ყოფილა საქმე".
"იმთავითვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება არანაირ რეალურ დებატებს არ აპირებს და არც დააპირებს. ხელისუფლებას უნდა, რომ ეს თემა ქართულ სივრცეში მუსირებდეს და პროპაგანდისტული მიზნისთვისაა გამოყენებული, რომ ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის, მაგრამ "იმედზე", სადაც წამყვანიც მათი იქნება, კითხვებიც და ყველაფერიც. ოპოზიციიდან დებატებზე მისული პიროვნება, ეს იქნება ჯვარედინი დაკითხვის ფორმტში და არა დებატებში.
"დებატები ნეიტრალურ მოედანზე უნდა შედგეს. დღეს თუ ტელესივრცეზეა ლაპარაკი, ჩემი აზრით, ყველაზე მუკერძოებელი ტელევიზია (და არ ვიცი რამდენად აქვთ მათ ამის საშუალება) არის "პალიტრანიუსი" და თუ დებატების გამართვაა საჭირო, იქ უნდა გაიმართოს, ამასთანავე წამყვანიც ნეიტრალური უნდა იყოს - ამას მთელი მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება.
"მე ვისთანაც მინდა ვიდებატებ და ვისთან არ მინდა, ეგრე სადაა? სანამ "იმედის" მეპატრონე შეიცვლებოდა "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტი მშვენივრად იყო, განსაკუთრებით 2007 წლის შემდეგ და ახლა რა პრობლემა გაუჩნდათ? ან ვინ არის იქ ისეთი, ვისაც ენმ-თან რაღაც ისეთი პრობლემები აქვს? არაფერი, მათ "ნაცმოძრაობასთან" დებატები უბრალოდ არ აწყობთ.
"აქ რეალურ დებატებზე და შესაბამისად პოლარიზაციის შემცირებაზე საუბარი არაა. რეალური დებატებისთვის მიუკერძოებელი ტელევიზია და წამყვანი უნდა შეირჩეს და არა რომელიმე ბანაკის წარმომადგენელი. დებატები ნიშნავს, რომ სიტყვა ათამაშო, თან ყველას ედებატები და შენ თუ სპარინგ პარტნიორი შეარჩიე, ეგ რა გამოვიდა?
- "ცოტა გამკვირვებია, დღევანდელ ოპოზიციასთანაც თუ არ აქვს დებატების თავი ხელისუფლებას, მთლად ცუდად ყოფილა საქმე. მგონია, რომ მთლად ეგრე არაა ვითარება, ჩვენ ისეთი ოპიზიცია არ გვყავს, რომელთანაც დებატები ხელისუფლებას უნდა გაიუჭირდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი ასე არ ფიქრობენ".
დებატები ეთერებში
თებერვლიდან პოლიტიკურ დებატებს იწყებს "იმედი", რომელსაც მაგდა ანიკაშვილი წაიყვანს.
"საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა საკითხზე საგნობრივ დისკუსიას „იმედის" მაყურებელი კვირაში ერთხელ მოისმენს. არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის. გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი იქნება. არხი უკვე მუშაობს გადაცემის ფორმატზე, მიმდინარეობს სტუდიის მოწყობაც",- წერია განცხადებაში.
"იმედის კვირის" წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე დასძენს, რომ "იმედის" კარი "ნაცმოძრაობისთვის" დახურულია.
"რა თქმა უნდა ამ მკვლელი რეჟიმის წარმომადგენელთა ადგილი ჩვენს სტუდიაში არ არის და სულ ტყუილად ფიქრობენ, რომ დებატები მათ "იმედის" კარს გაუხსნის. კიდევ უფრო დავკონკრეტდები - "იმედის" მაყურებელს "ნაცმოძრაობის" აზრი არ აინტერესებს", -თქვა ირაკლი ჩიხლაძემ "იმედის კვირაში".
დებატებს იწყებს "რუსთავი 2", მას რეზი ჭიჭინაძე წაიყვანს, პირველი ეთერი დაიგეგმა 2 თებერვალს 22 საათზე. ტელეკომპანიის ცნობით, გახარიას პარტიამ დებატებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.
"ფინანსური გამჭვირვალობა თუ პოლიტიკური კონტროლი?! საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში.
სტუმრები: შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, სოზარ სუბარი, კოტე ჟღენტი, ნინო ჩხობაძე. ორშაბათს, 2 თებერვალს 22:00 სთ-ზე "დებატები" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად "რუსთვაი 2"-ზე. შეგახსენებთ, რომ 2 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, გახარიას პარტიამ სატელევიზიო დებატებზე უარი განაცხადა",- ნათქვამია განცხადებში.
საპასუხოდ "გახარია საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" მათ პროპაგანდისტული პანელური დისკუსია შესთავაზა და "ეგრე არ გამოვა".
"ჩვენ დებატებზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ უარს ვამბობთ „ოცნების" მიერ შემოთავაზებულ პროპაგანდისტულ ფარსზე, საკუთარი სატელიტური პარტიების და დახელფასებული ექსპერტების მონაწილეობით, დაანონსებული დებატები ისევ საკუთარი პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენოს. რეალურ დებატებში მონაწილეობაზე ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ ახლა, აქედან, პარლამენტის ტრიბუნიდან მოვუწოდებ მას, რომ ნებისმიერ ტელევიზიაში მზად ვართ მოქალაქეებისთვის აქტუალურ ნებისმიერ საკითხზე ვედებატოთ.
"იმის არ იყოს, „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდაო", დიდი ბოდიში, მაგრამ დებატებს რომ მიანონსებ და მერე პანელურ დისკუსიაზე მიწვევ, სადაც შენ შენი ტელევიზია, სატელიტური პარტიები და ექსპერტები მოგვყავს, ამას ღირსებასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა მან.
კითხვაზე, „იაგო ხვიჩია არის „ქართული ოცნების" სატელიტი ოპოზიციონერი?", შარაშიძე დადებითად პასუხობს.