მარიამ ვეკუა
02.02.2026

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები კვლავ განხილვის ეპიცენტრშია - დაგეგმილი ინიციატივა გრანტის განმარტებას აფართოებს და მის მიღებას მთავრობის წინასწარ ნებართვას უკავშირებს, რასაც ხელისუფლება სუვერენიტეტის დაცვად, ოპოზიცია კი პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების" საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყება, რომლის ამოცანა პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებაა

„გრანტების შესახებ", „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 2 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

სავარაუდოდ, პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება „გრანტის" განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ.

აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კრიტიკა ოპოზიციისგან

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ კანონმდებლობის მიზანი, მისივე თქმით, თავისუფლებისთვის ბრძლის გაჩერებაა.

„ქართული ოცნების" კრიმინალური დაჯგუფება აბსოლუტური უმცირესობა არის საქართველოში იმიტომ, რომ ვინც უმრავლესობაა, მას დემოკრატიის არ ეშინია. ვინც უმრავლესობა დაკარგა და ახლა უმცირესობაშია, მას სჭირდება ავტორიტარული მეთოდები იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რუსეთის დავალებების შესრულება გააგრძელოს. ივანიშვილი ახლა ცდილობს უკანასკნელი სინათლის სხივი ჩააქროს, ყველა ჭუჭრუტანა ამოქოლოს, საიდანაც ამ ქვეყანაში თავისუფლების სხივი შემოდის. ამ ვითომ კანონსაც სინამდვილეში იგივე ბედი ელის, რაც ნებისმიერ წინა რეპრესიულ კანონმდებლობას."-განაცხადა ლემონჯავამ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელი რეალობით, „ქართული ოცნება" „ვისაც მოუნდება დააჯარიმებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ვისზეც უნდა, თვალს დახუჭავს".

  • შარაშიძე: „ამ კანონებს გამჭვირვალეობასთან საერთო არაფერი აქვთ"

„ამ კანონებს გამჭვირვალეობასთან საერთო არაფერი აქვთ. ჩვენ გამჭვირვალეობის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ, არც დღეს ვართ, მაგრამ ეს გამჭვირვალეობა არ არის, ეს არის ფაქტობრივად, ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვა. ეს განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს მეწარმეს, ექსპერტს, სპეციალისტს. ვისაც მოუნდება, „ოცნება" დააჯარიმებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ვისზეც უნდა, თვალს დახუჭავს. ეს არის „ოცნების" სამართალი".

„ლელო- ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძის თქმით, „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილება რუსული გზის გამეორებაა.

„გრანტების შესახებ კანონმდებლობის ცვლილება სწორედ ის შედეგია, რომელზეც ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებოდით 2-3 წლის წინ, რომ ეს იყო რუსული გზის გამეორება. იმ გზის, რომელიც პუტინის რუსეთმა 2012 წლიდან გაიარა ივანიშვილის საქართველოში. ეს ყველაფერი დაჩქარებული წესით გხვდება. მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც პროპაგანდით იკვებებიან და პროპაგანდით იქმნიან წარმოდგენას რეალობაზე, მათ თუ ადრე სჯეროდათ, რომ ამას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ექნებოდა მავნე შედეგი, ახლა ალბათ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ის თითოეულ მოქალაქეს შეეხება"

 

„არანაირი რეპრესიები"

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „გრანტების შესახებ" კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე ისაუბრა. განაცხადა, რომ არავითარი რეპრესიები არ იქნება.

„არავითარი რეპრესია. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, ნებისმიერი პროგრამის განხორციელება შეიძლება, უბრალოდ, როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება რაღაც კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით და იმ პროგრამის მფარველობით, არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას და როგორ უნდა მოამზადოს „მოლოტოვის კოქტეილი".

  • ვოლსკი:" ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაცია ბევრი არის, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს."

გრანტების არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ელემენტარული თემაა - ახლო წარსულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ხმარდება ექსტრემიზმის განვითარებას. თუკი ეს ასე არ არის, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა?! ითქვას, რა თანხაა, ვინ გადმოაგზავნა და რაოდენობით რას ხმარდება. მეტი არავითარი მოთხოვნა არ არის."

ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაცია ბევრი არის, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს. დაშვება არ არის იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს", რაზეც მარტა კოსი ლაპარაკობს ოფიციალური ტრიბუნიდან და ამბობს, როგორ მოვძებნოთ გზა, რომ „შავი ფული" შევიტანოთ საქართველოშიო. ამის წინააღმდეგ არის მიღებული ეს კანონი," - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კი აღნიშნა, რომ პოლიტიკა უცხო ქვეყნის ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„პოლიტიკა უნდა იყოს თავისუფალი უცხო ქვეყნის ჩარევებისგან. ჩვენ ღიად დავინახეთ ევროჩინოსნების სურვილები, რომელიც იყო პირდაპირ გაცხადებული და სადაც იყო ნათქვამი, რომ ისინი ეძებენ არალეგალურ გზებს, რომ საქართველოში დააფინანსონ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში არის აკრძალული. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×