
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100 პროცენტი ევროპიდან მოდის, თუმცა, პარიზს რუსეთთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს.
მისი თქმით, ევროპას ახლა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
„ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები პასუხისმგებლობის სხვაზე დელეგირების გარეშე", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამავდროულად, ბაროს განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუვლენია მშვიდობისკენ სწრაფვის რაიმე ნიშნები და ამას განსაკუთრებით ადასტურებს რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია გამორიცხავს იმას, რომ ევროპას რუსეთთან ურთიერთობების შერბილება სურს.
„საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ეს განცხდება არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა რუსეთთან დიალოგს იწყებს. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ ახლა მიმდინარეობს ამერიკა-რუსეთისა და უკრაინის მოლაპარკება. შესაბამისად, მხარეები ერთმანეთთან შეხვედრას განიხილავენ.
აქედან გამომდინარე, ევროკავშირი სავარაუდოდ, ამ კონტექსტში ჩაერთვება, რადგან ომის დასრულების საერთო ფორმულა იყოს გამოკვეთილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპას რუსეთთან დიალოგი სურს, ან სანქციებს მოუხსნის და ა.შ.
შესაძლოა უკრაინის ომის დასრულების პროცესში, რომელიც ახლა ამერიკის, რუსეთისა და უკრაინის შორის მიდის, ევროკავშირიც ჩაერთოს, რადგან რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს. ამაზეა საუბარი",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან"