1 უნცია ოქროს ფასი 2-3 დღეში 1000 დოლარით შემცირდა და ახლა ყველა ჩასაფრებულ მდგომარეობაშია
ირმა ჩიტაია
02.02.2026

არანორმალური შემდეგ, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება ერთბაშად დაეცა. ძვირფასი ლითონების ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა იანვრის ბოლოდან დაიწყო და ტენდენცია კვლავ გრძელდება. სპეციალისტები ფასის დაცემას დიდწილად, მსოფლიოში  მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოქრომ მეტი  საინვესტიციო ღირებულება შეიძინა. 

ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის, მსოფლიოში ძვირფასი ლითონის ფასი კლებას განაგრძობს. ოქროს ღირებულება 4 600 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთდღიან ჭრილში მის 7.16%-იან შემცირებაზე მიუთითებს. 12%-ით არის დაკლებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნციის ფასმა 74 დოლარი შეადგინა. პიკური ზღვარიდან ოქრო თითქმის 1000 დოლარით გაიაფდა, ხოლო ვერცხლი - 45 დოლარით.

მანამდე კი, 2026 წლის იანვარში ძვირფას ლითონებზე ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკებმა თავიანთ რეზერვებს ზოდებიი შემატეს, ხოლო ინვესტორებმა, ფინანსური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო, თანხები უსაფრთხოდ ძვირფას ლითონებში განათავსეს. 

დღეს კი საპირისპირო ვითარებაა. ფასი იკლებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად დასავლური მედია ტრამპის მის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის პოსტზე კევინ უორშის წარდგენას ასახელებს, რომელმაც ჯერომ პაუელი უნდა შეცვალოს. მას ვადა მაისში ეწურება.

უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა 2026 წელს საპროცენტო განაკვეთს სულ მცირე ორჯერ შეამცირებს. "ბიბისი" კი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურმა შეშფოთებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ოქროს ღირებულების ზრდას, ფასები ასევე ადვილად შეიძლება დაეცეს, როდესაც ეს ტალღა შემსუბუქდება ან ინვესტორები იგრძნობენ, რომ მოგება გადაჭარბებულია.

ძვირფასი ლითონის ბაზარი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ნოდარ ფოფორაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების შედეგია და ამიტომაც რეალური დასკვნის გაკეთება რთულია. 

,,ძალიან ძნელია ანალიზი თუ რატომ მატულობს ასე კატასტროფულად ძვირფასი ლითონის ფასი ან ახლა რატომ არის ასეთი ვარდნა. როგორც ვიცით, ოქრომ მეტი საინვესტიციო ღირებულება შეიძინა, ვიდრე ოდესმე. როგორც ჩანს რამდენიმე დღის წინ ცოტა შენელდა ეს პროცესი. მაინც ვფიქრობ, რომ ფასთა კლება დიდხანს ვერ გაგრელდება. 

როგორ გაიზრდება და რა მოცულობით ამას ვერ ვიტყვი. ბოლო პერიოდში არაკანონზომიერად მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ოქროსთან ერთად ვერცხლის ფასიც იზრდებოდა. ხშირ შემთხცვევაში ოქრო-ვერცხლი ერთად მოიპოვება და ერთად ხდება მათი რეალიზაციაც. კატასტროფულად რომ არ გაიაფდება ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვპროგნოზირებ, ვინაიდან დღეს არსებული სურათი გაურკვეველია და ეს ყველაფერი, ბევრ ფაქტორთან არის კავშირში. ვგულისხმობ გლობალურ საკითხებს, რომელიც ამ მომენტისთვის არაპროგნოზირებადია. 

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ის გლობალურ ფასებსა და ტენდენციებზე მიბმულია. შესაბამისად, გარკვეული გავლენა აქაც იგრძნობა", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ნოდარ ფოფორაძემ. 

"ზარაფხანას" დირექტორი თორნიკე სამხარაძე ოქროზე ფასის ვარდნას რამოდენიმე საკითხის ერთობლიობას უკავშირებს, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი დიდხანს არ შენარჩუნდება და ძვირფას ლითონების გაძვირება კვლავ გაგრძელდება. 

,,ძვირფასი ლითონის ღირებულებას სხვადასხვა მდგენელი განაპირობებებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები პირდაპირ კავშირშია ფასის ფორმირებასთან. როგორც ვიცით, ირანში ვითარების ექსკალაციის დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ ურთიერთობის მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლამ თავისებური გავლენა იქონია ძვირფასი ლითონების ფასის შემცირებაზე. სავარაუდოა, რომ  ინვესტორებმაც ისარგებლეს მაქსიმალური ფასით და თავიანთი აქტივები გაყიდეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დიდ როლს ითამაშებდა ფასის კლებაზე. 

აქვე უნდა აღინიშნოს ის ზოგადი გეოპოლიტიკური ფონი, რაც არის უკრაინასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საუბარია, ურთიერთობის დალაგებაზე. ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ამ ყველაფერში, მთავარი მიზეზი ფასის კლებისა, მაინც ინვესტორების მიერ თავიანთი აქტივების მაქსიმალურ ფასად გაყიდვა მგონია.

რაც შეეხება საქართველოს, ის ვარდნა. რაც განხორციელდა ახლაც ასახულია და თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდება აუცილებლად აისახება. ოქროს ღირებულების კორექტირება აქაც მოხდება და შესაბამის ფასზე ჩამოვა ჩვენთანაც. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ის ფასი, რომელიც საბოლოოდ მყიფეა და ახლო მომავალში საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს გაძვირებას ისევ უნდა ველოდოთ. ამის თქმის საშუალებას იძლევა ის ფაქტიც, რომ მეორე კვარტალიდან მსოფლიოს მასშტაბით, ბუნებრივად იზრდება ოქროზე მოთხოვნა", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" თორნიკე სამხარაძემ და დასძინა, რომ ვინაიდან, მთლიანი გეოპოლიტიკური ფონი დაძაბული რჩება, ის ინვესტორები, რომლებმაც მაქსიმალურ ფასად გაყიდეს თავიანთი აქტივები დაბალ ფასად კვლავ იყიდიან, რაც მომავალში ძვირფას ლითონზე ღირებულების ზრდას კვლავ ხელს შეუწყობს. 

"აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ოქროს ფასი ერთ უნციაზე 5000 დოლარს კვლავ გადააჭარბებს", - აღნიშნა "ზარაფხანას" დირექტრორმა. 

ამ დროისათვის, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება შემცირებულია საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 431 ლარია, როცა გასულ კვირას 1 გრამის ღირებულებამ 480 ლარს მიაღწია, 750-სინჯიანი - 323 ლარი ღირს (რამდენიმე დღის წინ 361 ლარი ღირდა), ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 252 ლარს შეადგენს (წინა კვირას - 281 ლარი).

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.93 ლარია (გასულ კვირას 10.77 ლარი ღირდა), ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.15 ლარად არის შესაძლებელი მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ 1 გრამი 8.61 ლარი ღირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×