რეზონანსი
03.02.2026

„საქართველოს კაპიტალის“ საინვესტიციო მიმართულების ყოფილი უფროსი და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი კეთილაძე, ვრცელ წერილს ავრცელებს სადაც „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებით აქციონერთა შორის არსებული დავა, მისი გენეზისი და განვითარების ეტაპები დეტალურად არის აღწერილი. 

„კომპანიის შიდა პოლიტიკის მიხედვით, საქართველოს კაპიტალი ამ თემის გარშემო არ აკეთებს საჯარო განცხადებებს. იქიდან გამომდინარე, რომ მე გადავწყვიტე საქართველოს კაპიტალისა და საქართველოს განათლების ჯგუფის მენეჯმენტიდან წამოსვლა, და იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს, ნათია ჯანაშიასთან პირველი იმეილის გაგზავნიდან დღემდე, მე ვარ ის ადამიანი, ვინც საქართველოს განათლების ჯგუფს და საქართველოს კაპიტალს წარმოადგენდა ამ ამბავთან დაკავშირებულ ყველა პროცესში, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ამ წერილით ნათელი მოვფინო ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოვყვე და ხელმისაწვდომი გავხადო მათთვის, ვისაც რაიმე ფორმით ეხება კომპანიის პარტნიორთა შორის მიმდინარე დავა

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ გაიაზრეს, რომ იქნებოდნენ 30%-იანი წილის მფლობელები, მაგრამ სკოლის მენეჯმენტში აღარ დარჩებოდნენ. ამის შემდეგ შანტაჟის და მუქარის იმეილი გაუგზავნეს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გილაურს. ამ წერილში იმუქრებოდნენ, რომ თუ მენეჯმენტში არ დარჩებოდნენ და „საქართველოს კაპიტალი“ საკუთარ 70%-ს არ დათმობდა, „საქართველოს კაპიტალს“ დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდნენ. 

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათ მიერ დაპირებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც აგერ უკვე თითქმის 2 წელიწადია გრძელდება და მოიცავს მედია საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ტყუილისა და სიყალბის გავრცელებას, წნეხს და მუქარას სკოლის თანამშრომლების მიმართ, მშობლების და მოსწავლეების უსაფუძვლოდ აღელვებას, „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერების, დირექტორთა საბჭოს, პორტფელური კომპანიების, ინვესტორებისა და მარეგულირებლის მიმართ უწყვეტ მუქარას და ცილისწამებას. 

საბედნიეროდ, ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ წარმოებულ ძალადობრივ კამპანიას შედეგი არ აქვს. რადგან ამ ყველაფერს ორი რამ უპირისპირდება: წლების განმავლობაში „საქართველოს კაპიტალის“ მიერ ნაშენები რეპუტაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმართლე. 

პირველ შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენენ ნათია და დათო - „ცოლ-ქმარი, რომელსაც დიდმა საინვესტიციო კომპანიამ სკოლა წაართვა“ - ასეთი იმიჯის ჩამოყალიბებას ცდილობენ, თუმცა საკითხის უკეთ გაცნობისთანავე, ყველა ხვდება, რომ საქმე არა დაზარალებულებთან, არამედ ავანტიურისტებთან აქვთ, რომლებიც ცდილობენ მიიტაცონ მათ მიერ 30 მილიონ ლარად გაყიდული, 70%-იანი წილი „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ და დამატებით „საქართველოს კაპიტალს“ გამოსძალონ ფული,“ - ნათქვამია წერილში. 

წერილში პუნქტობრივად არის გაცემული პასუხი „საქართველოს განათლების ჯგუფისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ მიმართ ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე და ისინი წერილის ავტორის მიერ სიცრუედ არის შეფასებული.

წერილის ავტორის თქმით, ტყუილია: 

1) რომ „საქართველოს კაპიტალს“ მის მფლობელობაში არსებული მიწები უფასოდ უნდა გადაეცა ჯანაშია - ცეცხლაძისთვის (მაშინ, როცა არც კონტრაქტით და არც სხვა რაიმე შეთანხმებით ასეთი ვალდებულება არ არსებობდა); 

2) რომ საინვესტიციო ვალდებულებები არ შესრულდა ან არშესრულება „საქართველოს კაპიტალის“ მიზეზით მოხდა (სინამდვილეში, საინვესტიციო პროექტისთვის, ჯანაშია-ცეცხლაძემ ვერ უზრუნველყვეს სანებართვო დოკუმენტების მომზადება 5 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც მათ ამ საქმის კეთებისთვის 5 მილიონი ლარი მიიღეს სახელფასო ანაზღაურების სახით და კიდევ რამდენიმე მილიონი დახარჯეს პროექტირებაში); 

3) რომ ინვესტორმა სკოლის წილი საბაზროზე დაბალი ღირებულებით შეიძინა (მაშინ, როცა „საქართველოს კაპიტალმა“ ჯამში 30 მილიონი ლარამდე, შეთანხმებულზე და კონტრაქტით განსაზღვრულზე თითქმის 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა სკოლის წილში); 

4) რომ ირაკლი გილაურის და სხვათა მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს (მაშინ როცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია საქმე ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო, სკოლის ფინანსების დიდი ოდენობით გაფლანგვისა და მითვისების გამო, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ არცერთი თანამშრომლის მიმართ საქმე არ არის აღძრული); 

5) რომ პარტნიორთა კრება გაყალბდა და 70%-იან აქციონერს დირექტორის შეცვლის უფლება არ ჰქონდა (მაშინ, როცა კანონიერი კრების სრული ვიდეო ჩანაწერი არსებობს და საჯარო რეესტრმა დირექტორის შეცვლა და ოქმის კანონიერება დაადასტურა).

წერილის ავტორი ასევე პასუხობს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს კაპიტალი” მათ წილის წართმევას უპირებს და განმარტავს, რომ წელიწადნახევრის წინ, ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი წილის მესაკუთრე „საქართველოს კაპიტალს“ მიმართეს და შესთავაზეს, რომ გამოისყიდიდნენ მათ 70%-იან წილს. საამისოდ შესყიდვის კონკრეტული თანხაც დაასახელეს. “საქართველოს კაპიტალმა” მათ შემხვედრი წინადადება შესთავაზა, რაც ჯანაშია-ცეცხლაძის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის გამოსყიდვას გულისხმობდა, ოღონდ გაცილებით ძვირად. კერძოდ,  „საქართველოს კაპიტალი“ მზად იყო თითოეულ პროცენტზე 33 პროცენტით მეტი თანხა გადაეხადა, ვიდრე ეს ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ იყო დასახელებული. თუმცა, ეს ფინანსურად გაცილებით მიმზიდველი წინადადება ჯანაშია-ცეცხლაძემ წილის წართმევად დააკვალიფიცირეს.

 „ნათიას და დათოს განსჯით, “საქართველოს კაპიტალი”, როდესაც მათთვის სასურველ თანხად საკუთარ წილს არ ყიდის და შემხვედრ წინადადებად მათი წილის გაცილებით უფრო ძვირად ყიდვას სთავაზობს - ეს წილის წართმევაა?!“ - ნათქვამია წერილში. 

ვრცელ წერილში მოყვანილია კონკრეტული ამბები, რომლითაც ავტორი მიანიშნებს ჯანაშია-ცეცხლაძის დანაშაულებრივ ქმედებებზე, ხოლო წერილის დასასრულს აღნიშნულია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საქმის ბოლომდე მიყვანა „საქართველოს კაპიტალისთვის“.

როგორც გიორგი კეთილაძე განმარტავს, იმ საჯარო ცილისწამებისა და რეპუტაციის შემლახველი კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომელსაც დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია აწარმოებენ, „საქართველოს კაპიტალი“ ვალდებულია, თავისი აქციონერებისა და თანამშრომლებისა წინაშე, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია, უკომპრომისოდ დაიცვას მისი და მისი პორტფელური კომპანია ბრიტანულ-ქართული აკადემიის ინტერესებიდა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. 

წერილის სრულ ვერსიას შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×