
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრიზის გადაცემა მოძალადე რადიკალებისთვის, Moderate Youth Party-ის მიკერძოების და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში, არამეგობრული აქტია.
კირცხალია შვედურ მხარეს მიმართავს, რომ მათი შეშფოთება, არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც მათი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია.
„გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის, მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს - რასაკვირველია, ზოგადად, მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.