მარიამ ვეკუა
03.02.2026

აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკების მეორე რაუნდის წინ, რუსეთმა ისევ განახორციელა მასშტაბური დარტყმა უკრაინის ენერგოსისტემაზე. ამის პარალელურად ვაშინგტონი ომის დასრულებაზე „კარგ ამბებს" აანონსებს, კიევი და მოსკოვი კი მოლაკაპაკებას კვლავ ტერიტორიულ საკითხებზე შეუთანხმებლობის ფონზე ხვდებიან.

„რუსებმა სხვადასხვა ტიპის 70-ზე მეტი რაკეტა და 450-ზე მეტი დრონი გაუშვეს. დარტყმები განხორციელდა სუმის, ხარკოვის, ოდესისა და ვინიცის ოლქებზე, ასევე კიევზე. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა „იქსზე".

ეს იერიში კი აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებბეის დაწყებას უძღვის წინ. კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აბუ-დაბიში 4 და 5 თებერვალს გაიმართება და რომ კიევი „არსებითი დისკუსიისთვის" მზადაა.

სამმხრივი მოლაპარაკების პირველი რაუნდი იანვრის ბოლოს გაიმართა და შეხვედრის შემდეგ მისი მონაწილეები სერიოზულ პროგრესზე საუბრობდნენ. იქვე მოხდა შეთანხმება, რომ მეორე რაუნდი 1-ლ თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა რამდენიმე დღით გადაიდო.

ამავდროულად, აშშ-ის ელჩმა სტივ უიტკოფმა შაბათს განაცხადა, რომ მან ფლორიდაში რუსეთის ელჩ კირილ დმიტრიევთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები გამართა.

მოლაპარაკებებს ასევე აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი ესწრებოდნენ. უიტკოფმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობს".

კრემლმაც დაადასტურა, რომ აბუ დაბიში უკრაინასა და შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ კვირის ბოლოდან განახლდება.

„ისინი თავდაპირველად კვირას იყო დაგეგმილი. თუმცა, სამ მხარეს გრაფიკის შემდგომი კოორდინაცია სჭირდებოდა. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მეორე რაუნდი მართლაც გაიმართება. ის აბუ დაბიში გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია ამის დადასტურება", - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს ჟურნალისტებს.

პოზიტიური მოლოდინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცივი ამინდის გამო უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ერთი კვირით შეჩერებას დათანხმდა.

ტრამპის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

„ვკითხე, შეეძლო თუ არა მას ერთი კვირით შეეჩერებინა დაბომბვა, არ გაესროლა რაკეტები კიევში ან სხვა ქალაქებში და ის დათანხმდა ამის გაკეთებას. ასე რომ, ეს უკვე რაღაცაა", - აღნიშნა ტრამპმა.

 

  • დონალდ ტრამპი: „პირველი შემთხვევაა, როცა ამაზე ვსაუბრობ. იცით, ვფიქრობ, შეიძლება კარგი ამბები გვქონდეს".

მისივე თქმით, უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კარგი ამბები მოხდეს.

„ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვმუშაობთ.

პირველი შემთხვევაა, როცა ამაზე ვსაუბრობ. იცით, ვფიქრობ, შეიძლება კარგი ამბები გვქონდეს," - აღნიშნა ტრამპმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კი აცხადებს, რომ რუსეთი გამარჯვებას უახლოვდება. კვირას მედვედევმა ტრამპი „მშვიდობისმყოფელად" მოიხსენია და „როიტერსს" განუცხადა, რომ რუსეთი სამხედრო გამარჯვებას უკრაინის ომში „მალე" მიაღწევს.

„მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდება შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვების მიზანი ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებაა. ეს აბსოლუტურად აშკარაა", - განაცხადა მედვედევმა.

მრავალდონიანი შეთნხმება

უკრაინა დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ევროპისა და აშშ-ის მხრიდან კოორდინირებულ სამხედრო პასუხს გამოიწვევს, - ამ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი" მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეგმა დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე განიხილეს უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და გულისხმობს მრავალდონიან რეაგირებას რუსეთის მიერ შეთანხმებული ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.

წინადადების თანახმად, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში, დაწყებული დიპლომატიური გაფრთხილებით და, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის არმიის მიერ დარღვევის შესაჩერებლად ზომების მიღებით.

თუ საომარი მოქმედებები ამ დროის შემდეგაც გაგრძელდება, წინადადება გადავა მეორე ფაზაზე - ინტერვენციაზე ე.წ. „მსურველთა კოალიციის" ძალების გამოყენებით.

გამოცემის წყაროების ცნობით, გაფართოებული თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალის, მათ შორის აშშ-ის სამხედროების, კოორდინირებული რეაგირება დარღვევიდან 72 საათის შემდეგ განხორციელდება.

.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×