თამთა ჩაჩანიძე
03.02.2026

მმართველი პარტიის მიერ ინიცირელი გრანტებზე და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ კრიტიკის მიუხედავად, ამ საკითხზე პოზიციის შერბილებას არ აპირებენ და იმოქმედებენ პრინციპით „ძალღლი ყეფს, ქარავანი მიდის". ეს მიდგომა პირველ რიგში დასავლეთს ეხება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, „ოცნების" ზოგიერთმა ბოლო ხისტმა გადაწყვეტილებამ, მაგალითად, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების თემამ, მმართველი პარტიას რეიტინგისა და საზოგადოებრივი აზრის მხრივ „სერიოზული ზარალი" მოუტანა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნა და ამავე დღეს პირველი მოსმენით უკვე მიიღეს ცვლილებები, რომლითაც გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. ასევე პირველი მოსმენით მიიღეს ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ" და „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონებში.

„ოცნების" გეგმებს დასავლეთშიც აკრიტიკებენ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტმა შეშფოთება გამოთქვა შვიდ სხვადასხვა კანონში შეთავაზებული ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიღების შემთხვევაში, ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს.

ამის საპასუხოდ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ თითოეული საკანონმდებლო ცვლილება ნაკარნახევია წინა გამოცდილებით, როდესაც დასავლური ორგანიზაციები ყველანაირად ცდილობდნენ „საკანონმდებლო ხვრელის" პოვნა და ქართლი პოლიტიკაში „უკანონო ფულის" შეტანას.

  • „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო" - როგორც იტყვიან. ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის გულის მოგება.

 

"ჩვენი მიზანია საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ. ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველასთან მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ოღონდ არა უბრალოდ საუბრისთვის, არა უბრალოდ დაჟინებული მუშტების რტყმისთვის, რომ გააუქმეთ ესა თუ ის კანონიო, არამედ იმ მიზნით, რომ კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს", - ამბობს მახაშვილი.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის"

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" ეს პოლიტიკა მხოლოდ შიდა „ანტიეროვნული ძალებისა" და დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, მათ მიმართ აქვს, ვინც მმართველი პარტიას აკრიტიკებს.

„ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყნის და ხალხის ინტერესები, სადაც საჭიროა სტრატეგიული მოთმინება გამოიჩინოს და ა.შ. ამ მხრივ კანონებში ცვლილებები აუცილებელია, მათ შორის გრანტებთან დაკავშირებული და არავითარ შემთხვევაში ყურადღება არ უნდა მიაქციონ ზოგიერთ ევროპარლამენტარის, ან სხვა დასავლელი ლიდერის და შიდა კრიტიკას. ამ მხრივ ეს გამოთქმა - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - სწორია.

„ეს პოლიტიკა შიდა ოპონენტებთან აქვს, თუმცა ოპონენტსაც გააჩნია - მათ მიმართ, ვინც ჩამოყალიბდნენ ჭეშმარიტად ანტიეროვნულ ძალებად. 5 კლასიკური ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ წარმატებული რეჟიმის შეცვლა მოხდეს. საქართველოში ამ ხუთიდან ოთხი ჩვენი ხელისუფლების მოქმედების შედეგად სრულიად საიმედოდაა დაცული. ბოლო პუნქტი - ესაა უცხოეთის ჩარევა. ეს ჩარევა იყო, კატასტროფულად დიდი არა, მაგრამ ფული შემოდიოდა", - განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საგარეო ირთიერთობების კუთხით ასეთი მიდგომა - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - კატასტროფულია. შიდა პოლიტიკაში კი ეს მნიშვნელოვან რყევებს არ გამოიწვევს.

  • „საერთაშორისო ასპარეზზე ეს სუფთა კრახია. საერთაშორისო ურთიერთობებში ეს პოლიტიკა არათუ ამართლებს, კატასტროფულია.

„ქვეყნის შიგნით ჯერჯერობით „ოცნებამ" რა კანონიც არ უნდა მიიღოს და როგორც არ უნდა გადაწყვიტოს, ამას პროტესტი მოჰყვება, მაგრამ ისეთი აქტიური პროტესტი, ან ისეთი ვითარება არ იქნება, რომ „ოცნების" ძალაუფლებას რაიმე საფრე შეექმნას. ის ცდილობს ყველაფერი თავის კონტროლის ქვეშ მოაქციოს", - განაცხადა ძაბირაძემ.

დაკარგავს თუ არა „ოცნება" მხარდამჭერებს

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ გარე მხარდამჭერებიდან დასაკარგი დაიკარგა, ხოლო შიდა ელექტორატს რაც შეეხება, მისი თქმით, ჯერჯერობით „ოცნებას" მხარდაჭერა აქვს, თუმცა არის თემები, რომელმაც „ოცნების" პოტენციურ და რეალურ მხარდამჭერებში საზოგადიებრივი აზრის „სერიოზული ზარალი" მოიტანა.

„გარე მხარდამჭერებს რაც შეეხება, უკვე დაკარგულია და ღმერთმაც გვაშოროს ასეთები. თუმცა, არიან ადამიანები, ვინც საქართველოსთან ურთიერთობას ინარჩუნებენ.

„შიდა ელექტორატს რაც შეეხება, აქ ნამდვილად არ დაკარგავს, ეს დაყოფა რა ხანია მოხდა. ოჯახის სიწმინიდის დღეს ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის, ეს სწორედ არჩევნებშია ასახული", - განაცხადა მამრაძემ.

დამატებით კითხვაზე, თუნდაც დისკუსიის გარეშე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხი დააკარგინებს თუ არა „ოცნებას" ამომრჩეველს, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„როცა ლოზუნგის დონეზე გაჟღერდა, რომ ორი უნივერსიტეტი გავაერთიანოთო, მე ამ ფორმის ასე შემოტანას მხარს არ ვუჭერ, შეცდომად მიმაჩნია. თსუ მაქვს დამთავრებული, ჩემი ბევრი კოლეგა კი ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს, ისინი თავიდან ბოლომდე „ოცნების" მხარდამჭერები არიან და ამგვარი გადაწყვეტილებები („ოცნებას") მხარდამჭერებს დააკარგვინებს. შეიძლება მეორე მხარეს ხმა არ მისცენ, მაგრამ გულდაწყვეტით მეუბნებიან - ჩვენ ხომ მხარს ვუჭერთო, მიგვაჩნია რომ ეს კონსტრუქციული ძალაა და რატომ აკეთებენ ამასო. ვეუბნები, რომ აცალეთ, ვნახოთ რა იქნება. მეც არ ვემოხრობი პრინციპს „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი".

  • „ამ საკითხმა უკვე მოიტანა საზოგადოებრივი აზრის ნამდვილად სეროზული ზარალი მათში, ვინც პოტენციურად და რელაურად „ოცნების" მხარდამჭერია. ვნახოთ მერე რა იქნება", - განაცხადა მამრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ საგარეო მხარდაჭერის კუთხით რა პრობლემებიცაა, ისევ ისე დარჩება და შიდა მხარდამჭერებშიც თითქმის არაფერი შეიცვლება.

„საგარეო კუთხით რა პრობლემებიცაა - დარჩება, დადებითისკენ სვლა არ იქნება. შიდა მხარდამჭერების თვალსაზრისით კი, თუნდაც ის ლექტორები, რომლებიც უნივერსიტეტების შეერთებას აპროტესტებენ, მათი უმრავლესობა ჯერჯერობით მშვიდად იქნება მარტივი მიზეზის გამო. ჯერჯერობით ყველა შეეცდება აქტიური პროტესტისგან თავი შეიკაოს, რომ რეპრესირებულთა და არასანდოთა რიგებში არ მოხვდეს და მერე, როცა პროფესორ-მასწავლებლების შემცირება რეალურად დაიწყება, ეს გამოხშირვა ნელ-ნელა მოხდება და (პროფესორები) უმცირესობაში იქნებიან.

„ჯერჯერობით სოლიდალურ პროტესტს ვერ ვხედავ. იმ განცხადებებიდან, რასაც პროფესურა საჯაროდ ამბობს, ასეთი ნაბიჯები ნაკლებად მოსალოდნელია.

„ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები ნომინალური გახადოს. ამიტომ ამომრჩეველზე, საზოგადოებაზე აქცენტები მაინცდამაინც არ კეთდება. აქცენტი ძალოვან სტრუქტურებზეა, რომლებიც ეცდებიან, რომ „ოცნებამ" მასიმალური მხარდაჭრა მიიღოს. „ოცნება" მხარდამჭერებზე ნაკლებად ფიქრობს, ის ფიქრობს როგორ ჩამოაყალობს რეალური ავტოკრატიული რეჟიმი", - განაცხადა ძაბირაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×