ვინ „გააქცია" გახარია საქართველოდან და რატომ მოხსნა მან თავის დროზე თანამდებობიდან გივი მიქანაძე
მარიამ ვეკუა
03.02.2026

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" და „ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კამათის ცენტრში აღმოჩნდა პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის გათავისუფლების მიზეზები, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე გახარიას პარტიის უარი და ის, თუ როგორ „გააქციეს" ექსპრემიერი გიორგი გახარია ქვეყნიდან.

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი ტატა ხვედელიანი გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელ გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებას, რომ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ გააუქმა პოლიციის აკადემია, მისი უფროსი გივი მიქანაძე კი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

„მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ.

„დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

  • ტატა ხვედელიანი: „დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს".

 

ამას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის რეპლიკა მოყვა, რომელმაც ხვედელიანი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

„წეღან შენიშვნა მიიღეთ სწორედ ამ შეუფერებელი ტონის გამო, რომელიც ცილისწამების ნაირსახეობას წარმოადგენს. მგონი არ არის სწორი ის ტონი, რომლითაც თქვენ თუნდაც გივი მიქანაძესთან დაკავშირებით საუბრობთ. ერთხელ გამხილეს ტყუილში, ახლა ოჯახის წევრებზე დაიწყეთ საუბარი. არ გეკადრებათ. გავიგეთ, რომ გინდათ რაღაც მწარე თქვათ... არ არის პოლიტიკური დებატი მწარე-მწარეს საუბარი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

კამათის მიზეზი გახდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სატელევიზიო დებატების საკითხიც. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, ვგულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, რაც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა. ჩვენი მონაწილეობით დებატი თუ გაინტერესებთ, გიორგი გახარიას თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ, რამდენმა ათასმა და ათი ათასმა ადამიანმა უყურა ამ ვიდეოს და მერე მიხვდებით, როგორი უნდა იყოს რეალური დებატი."

ამის საპასუხოდ კი პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თეა წულუკიანმა შარაშიძეს უთხრა:

თეა წულუკიანი: „დებატის შედეგი ისაა, რომ გავაქციეთ ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელ წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი".

 

„შარაშიძემ ბრძანა - იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ წულუკიანთან დებატში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარია გამარჯვებული გამოვიდა და უკვე დაგამარცხეთო. დასკვნაში წერია, რომ გახარიამ, თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია დაუკარგა

„დებატის შედეგი ისაა, რომ გავაქციეთ ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელ წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი".

ოპოზიცია წულუკიანის ამ განცხადებს იმის აღიარებად მიიჩნევს, რომ ექსპრემიერი და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ წულუკიანის ეს განცხადება „წამოცდენა" არ იქნებოდა:

„ამას წამოცდენას ვერ დავარქმევ, ხერხი იხმარეს...

„დებატების შედეგად რომ პოლიტიკოსი ქვეყნიდან გაიქცევა, ესეც ცოტა არასერიოზულად აღიქმება. პოლიტიკოსისთვის ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს დებატებში ყოფნა.

„იქ, როგორც შინაარსში ფიგურირებდა, შესაძლოა გახარიას პასუხიმგებლობა დაკისრებოდა ადრინდელ გადაწყვეტილებებზე. სადმე გინახავთ, დებატების გამო გაქცეულები? ასე რომ, ეს იყო, არცთუ ისე დამაჯერებელი, მაგრამ პოლიტიკური ხერხი, რომ დებატები გაეკრიტიკებინათ."

  • რამაზ საყვარელიძე: „დებატების შედეგად რომ პოლიტიკოსი ქვეყნიდან გაიქცევა, ესეც ცოტა არასერიოზულად აღიქმება. პოლიტიკოსისთვის ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს დებატებში ყოფნა."

ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა ხვედელიანის განცხადებაზეც, სადაც აკადემიის ყოფილი რექტორის გათავისუფლების მიზეზე ისაუბრა, საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს „ჭორაობის დონეზეა" ნათქვამი.

„ჭორაობის დონეზეა - იმას ეს მოეწონა და გადააყენეს... მაშინ ფაქტები უნდა იყოს დამაჯერებელი, თუნდაც, ან წერილობითი, ან საუბრების მოსმენა (რაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა), მასალა მოსმენისა, რომ აი, შეუშვა და მოდი გადავაყენოთ. თუ ეს არ ფიგურირერბს, მაშინ რამდენი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ? ამიტომ, ვფიქრობ, დამაჯერებელი არ არის და ისევ პოლიტიკური კინკალობისთვის გამოდგება", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×