"გაზის თბოუნარიანობა დაბალია მინარევების გამო და შესაბამისად, ხარჯიც მეტია“
ქეთო გოგოხია
03.02.2026

თბილისის მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან მიაჩნიათ, რომ იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადი გაცილებით მეტია, ვიდრე რეალურად მოიხმარეს. პრობლემა ახალი არ არის, ბოლო წლებში, თებერვლის დასაწყისში, ანუ მაშინ, როდესაც იანვრის გადასახადი მოდის, მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს - თითქოს, იგივე რაოდენობის გაზი მოიხმარეს, როგორც შარშან ან შარშანწინ, მაგრამ გადასახდელი მეტია. 

სპეციალისტები ხალხის მოსაზრებებს მაინცდამაინც არ იზიარებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს იანვარში მეტისმეტად ციოდა, უხვად მოთოვა და ყინვებიც იყო. ამინდის გაუარესების დროს კი, ცხადია, გაზს წნევა აკლდება და რეალურად, ჩვეულებრივზე მეტს ვხარჯავთ. კი, ბატონო, იგივე ტემპერატურაზე დგას გამათბობელი, მაგრამ იმის გამო, რომ ყინვაა, უფრო მეტი საწვავი იხარჯება. ეს არის ამ პრობლემის ლოგიკური ახსნა, მაგრამ ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული - ექსპერტების განცხადებით, თბილისს უხარისხო გაზი მიეწოდება, რის გამოც ჩველებრივზე მეტი ხარჯია და შესაბამისად, ვიხდით კიდეც. 

გაზის გამანაწილებელ კომპანია „თბილისი ენერჯში“ აცხადებენ, რომ მოსახლეობას ზუსტად იმ ოდენობის გადასახადი მიუვიდა, რაც დაწვეს. კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიებს მაღალ გადასახადთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ დარიცხული თანხები პირდაპირ კავშირშია გარეთ არსებულ ტემპერატურასთან.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა, რომ რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, უფრო მეტი ბუნებრივი აირი იხარჯება.  საზოგადოებაში გავრცელებული მითები, თითქოს, გაზში ჰაერია შერეული, უხარისხოა ან დიდთოვლობის გამო დაზიანებული მილები პერიოდულად ჟონავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, ლეფსვერიძე კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, თითქოს, გაზის მრიცხველებიდან ჩვენება შეცდომით აიღეს. 

„მინდა, ჩვენს აბონენტებს ავუხსნა ის მითები, რაც მუდმივად გვხვდება, ეს იქნება სოციალური მედია, ტელევიზია, თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეწუხებულია მაღალი გადასახადით. მინდა, გაიგონ ჩვენმა აბონენტებმა და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ ადამიანი რასაც წვავს და რასაც აღრიცხავს გაზის მრიცხველი, ის მისდის გადასახდელი, იქნება იანვარი, თუ აგვისტო... 

ხშირად მუსირებს, თითქოს „დაბალი ხარისხის გაზია“. მინდა, გითხრათ, რომ გაზის ხარისხს განსაზღვრავს კალორიულობა და სტანდარტით, ეს არის 7900 კილოკალორია. ნებისმიერს შეუძლია, შევიდეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საიტზე და იქ დევს სერტიფიცირებული ლაბორატორიის ანალიზი, სადაც წერია, რა ხარისხის გაზი მიეწოდება თითოეულ სოციალურ მომხმარებელს თუ კომერციულ მომხმარებელს მთელ საქართველოში, ყოველდღიურად“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.  

ინჟინეტი და ექსპერტი, ნოდარ რამიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება გიორგი ლეფსვერიძეს და „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას უხარისხო გაზს გვაწვდიან. სწორედ ამის ბრალია ის, რომ მოსახლეობას გაზრდილი გადასახადი მიუვიდა. 

„ერთ ექსპერიმენტს გთავაზობთ და შეგიძლიათ, თავადვე ჩაატაროთ: დილით გაზქურა აანთეთ და დადგით ჩაიდანი წყლის ასადუღებლად. მე სახლიდან დილის 7 საათზე გავდივარ და გაზქურას რომ ვანთებ, გაზს მოყვითალო ფერის წვა აქვს. ჩვეულებრივ, ანთებულ გაზს ლურჯი ან იისფერი წვა უნდა ჰქონდეს. მოყვითალო წვა აქვს და ეს ნიშნავს, რომ გაზი უხარისხოა. ზოგადად, ბუნებრივი გაზი, ძირითადად, მეთანისგან შედგება, გარდა ამისა, ეთანი და სხვა მინარევებიც აქვს, მაგრამ 90% და უფრო მეტი მეთანია, ხოლო დანარჩენი მინარევებია - ნახშირმჟავა გაზები, ეთანი და სხვა უწვადი ნივთიერებები. 

გიმეორებთ, გაზია უხარისხო, რადგან თუ ლურჯი ან იისფერი წვა ექნება, წყალი მალე ადუღდება, ყვითელი ფერის წვის დროს კი, ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ვფიქრობ,  გაზის თბოუნარიანობა დაბალია მინარევების გამო და შესაბამისად, ხარჯიც მეტია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ რამიშვილმა.  

მისი თქმით, მართალია, წელს, იანვარში ყინვა იყო, რის გამოც გაზის მოხმარება გაიზარდა, მაგრამ სპეციალისტმა დააზუსტა, რომ უმთავრესი პრობლემა მაინც გაზის უხარისხობაა. შესაბამისად, დიდი ხარჯიც, სწორედ ამას მოჰყვა. 

ამავე პოზიციას იზიარებს ექსპერტი, სოსო სიმონიშვილი, ოღონდ აზუსტებს, რომ გაზის უხარისხობა ერთ-ერთი მიზეზია და არა - ერთადერთი. „რეზონანსთან“ საუბრისას, იგი იმ დროს იხსენებს, როდესაც წლების წინ, თავად მუშაობდა „თბილგაზში“. 

„წლების წინ, როდესაც „თბილგაზში“ ვმუშაობდი, ასეთი სურათი გვქონდა - სადღაც მიდიოდა თბილისისთვის განკუთვნილი გაზი, მაგრამ ქალაქს აწერდნენ ზედმეტს. რატომღაც მიჩუმათდა ეს ამბავი, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიაქცია ყურადღება. დაზუსტებით არ ვიცი, სად მიდიოდა ზედმეტი გაზი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ სომხეთში, ოღონდ ქალაქს ეწერებოდა იმაზე მეტი ოდენობა, ვიდრე იღებდა. მერე ამ ზედმეტ თანხას ჩვენ გვახდევინებდნენ... წერდნენ, თითქოს, გაჟონა გაზმა, ამას ტექნიკურ დანაკარგს ეძახდნენ და საბოლოოდ, მერია ფარავდა ხოლმე ამ თანხას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სოსო სიმონიშვილმა.  

მისი თქმით, აუცილებელია, გაირკვეს, თუ რატომ იხდის მოსახლეობა მოხმარებული გაზის დიდ გადასახადს, მაგრამ ამისათვის, უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაიქირავებს ადვოკატს. ამის შემდეგ, ადვოკატმა უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლო დანიშნავს ესპერტთა ჯგუფს. 

„სწორედ, ექსპერტთა ჯგუფი შევა ორგანიზაციის ბილინგში - კომპიუტერულ ცენტრში, სადაც თავს იყრის გაზის წამკითხველების მონაცემები. როგორც წესი, გაზი ქალაქს მოეწოდება საშუალო წნევით, ადრე მაღალი წნევით მოეწოდებოდა, ახლა კი საშუალო წნევით მიეწოდება. თბილისის ყველა უბანში დგას დიდი მრიცხველი, ქალაქში რომ შემოდის გაზი, იქაც დიდი მრიცხველი დგას. 

მოკლედ, უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი და ეს ყველაფერი უნდა დაითვალონ, რომელ უბანს, რა რაოდენობის გაზი მიეწოდება, მოსახლეობამ რამდენი მოიხმარა, კომპანიებმა რამდენი მოიხმარეს, რომ აქედან ბალანსი გამოვიდეს. უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ამის გარეშე, როგორ დავუმტკიცებთ კომპანიას, რომ ზედმეტი გადაგვახდევინეს? კომპანიამ უნდა შეგვიშვას ბილინგში, რომ ეს მონაცემები ვნახოთ, სხვაგვარად არაფერი გამოვა“, - აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×