
დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი გრძელდება - ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, სადაც მთავარი მიმართულება ინვესტიციები იყო. აქცენტი გაკეთდა სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.
პარალელურად, გრძელდება ორმხრივი შეხვედრები. ირაკლი კობახიძემ უკვე გამართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. პრემიერი დუბაიში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება.
„საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, საქართველოს შესახებ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ იყოს აქ საუბარი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით არაერთი ქვეყნის დელეგაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ინტერესი საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი, ასეთი დისკუსიების დროს საქართველოს შესახებ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არაერთი მიმართვა ღონისძიების მონაწილეების მიმართ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, საქართველოს როლზე გლობალურად და იმ შესაძლებლობებზე, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბიზნესის კეთება უნდა ჩვენს რეგიონში“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.