
ჩვენთვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადება მოულოდნელი არ იყო, რადგან წინასაარჩევნო პროცესში ბრიუსელის აშკარა ჩარევას ვხედავდით. განცხადებაში ახალი არაფერია, მაგრამ თუ ვინმეს სხვა ილუზია, მოლოდინი ჰქონდა, რომ ასე არ ხდებოდა, დღეს ამერიკის მხრიდან ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ-მა კონკრეტული მტკიცებულებებისა და დასაბუთების საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება.
„ვხედავთ, რომ შეიძლება, ვინმეს პარტნიორი ერქვას, მაგრამ მთლად პარტნიორულად არ იქცეოდეს. მთავარია, პროცესებს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მივუდგეთ. სადაც შეიძლება, რომ სხვა ქვეყნები შიდა პროცესებში ერეოდნენ, იქ საზოგადოება ამ პროცესს უფრო მომზადებული შეხვდება. ამერიკამ კონკრეტული მტკიცებულებებისა და დასაბუთების საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება. ფაქტია, ბრიუსელი ერეოდა ცალკეულ სახელმწიფოებში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და მოლოდინიც ასეთია, რომ ისევე, როგორც სხვა დიდი გეოპოლიტიკური აქტორები, კვლავ გააგრძელებენ საკუთარი გავლენებისთვის ჩარევას შიდა საქმეებში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“.