
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარ პოდკასტში ჟურნალისტ უილ კინგსტონთან ერთად ისაუბრა მედიის მიკერძოებასა და "ვოუქ" იდეოლოგიის გავლენაზე დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთში. როგორც კინგსტონი აღწერს, დღეს ბევრი ჟურნალისტი პროფესიაში აღარ მიდის სიმართლის საძიებლად, არამედ მიდის როგორც აქტივისტი პოლიტიკური მიზნებით. ამის მიზეზად მან დაბალი ანაზღაურება, "აქტივისტური" თემების მზარდი პოპულარობა და მილიარდერების მიერ მედიის ფლობა დაასახელა.
სწორედ ამ კონტექსტში ტრასმა BBC-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთში მედიის მდომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. მისი თქმით, მედია აღარ ასრულებს ნეიტრალური ინფორმაციის გამავრცელებლის როლს, არამედ იქცა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელსაც ხელს უწყობენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე მედიის რეგულატორები.
"ბრიტანეთში კიდევ უფრო მძიმეა ვითარება, რადგან არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ერთ-ერთ განშტოებად იქცა, სადაც ფეხი მოიკიდა ე.წ. ვოუქ-კულტურამ, ტრანსგენდერულმა იდეოლოგიამ, ისრაელის, ამერიკის და ტრამპის საწინააღმდეგო განწყობებმა. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ტრამპი მათ სასამართლოშიც კი უჩივის მასშტაბური მიკერძოებულობის გამო", - აღნიშნა ტრასმა.