თამთა ჩაჩანიძე
04.02.2026

საქართველოს ხელისუფლება კვლავ „მოთმინებით ელოდება" აშშ-ს საპასუხო რეაქციას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრაზე „ოცნების" მხრიდან კვლავ სუაბარი იყო სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლებაზე.

თავის მხრივ სახელმწიფო დეარტამენტიც ადასტურებს, რომ სახდეპის ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის, ბრენდან ჰანრაჰანისა და მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე ლაშა დარსალიას შეხვედრა მართლაც იყო დაგეგმილი. ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრების საჯარო გრაფიკში წერია, რომ აუდიენცია 3 თებერვალს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე დახურულ ფორმატში იყო ჩანიშნული. ამერიკულ მხარეს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში ამბობენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.

  • „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება აშშ-ის საპასუხო რეაქციას.

„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. ველოდებით მოთმინებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, რომ ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხრიდან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კობახიძემ.

„ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აშშ-ს შესაძლო საპასუხო რეაქციაზე წერს.

  • „გეტყვი საპასუხო რეაქციას: 1. პოლიტპატიმრები გაათავისუფლე - ყველა! 2. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყავი! 3. სახლში დაჯექი და დაელოდე სამართლიან მართლმსაჯულებას - ნაფიცი მსაჯულებით".

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ურთიერთობების დალაგების კუთხთ მამუკა მდინარაძე აშშ-ში „შიკრიკად გააგზავნა".

„ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს: მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში მამუკა მდინარაძის სახით - რა უნდა ქნას მდინარაძემ? აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია?" - განაცხადა შარაშიძემ.

თუმცაღა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მედიას აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს და უთხრეს, რომ სუს-ის უფროსი თბილისში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს.

ჩერგოლეიშვილი წერს, რომ არ იცის, მდინარაძე სადაა, თუმცა, აშშ-სთან სუს-ი პოლიტიკურ ურთიერთობას ვერ დაალაგებს.

„მეგობრებო, CIA ამერიკას არ მართავს. არც მოსადს მოუწყვია 9/11. ბიძინას საბჭოთა სამკუთხედ გოგრაში იხარშება ეს სისულელეები და პერიოდულად გვიამბობს შათირიშვილის და სხვა ფანტაზიორთა პირებით. როცა ლილუაშვილი გაუშვა, მაშინაც დასცინეს და პარანოია აკიდეს - ვერ ხედავთ რომ ციხეში დაამწყვდია.

„ნაღდად არ ვიცი მამუკა მდინარაძე სადაა, მაგრამ ამერიკასთან ბიძინას სუსი პოლიტიკურ ურთიერთობას ვერ დაალაგებს. არ ლაგდება ეგრე - საბჭოთა კონსპირაციული ჯაგობაა ეგ გაგება. ამიტომ მოლოდინები სწორად მართეთ, ყალბი შეწყალების ქრონიკაში რომ არ ამოყოთ თავი უპასუხისმგებლო ჟურნალისტების დამსახურებით. მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, თუ მდინარაძე მართლა ამერიკაშია, რომ ცოტა ხანში მდინარაძესაც დაიჭერს, თუ იქამდე არ ჩამოიქცა",- წერს ჩერგოლეიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×