
2026 წლის იანვარში საქართველოში გაძვირდა როგორც ძროხის ხორცი, ისე ფარში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძროხის ხორცის ფასის წლიურმა ზრდამ 13.47% შეადგინა, ხოლო ფარშის ფასმა 10.83%-ით მოიმატა.
ფასების ზრდის ფონზე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ყიდულობს საქართველო ძროხის ხორცს და როგორია მისი საიმპორტო ფასი.
ძროხის ხორცი გაძვირდა - როგორია იმპორტის მაჩვენებლები?
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ხორციელდება როგორც გაყინული, ასევე ახალი ხორცის იმპორტი. მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს წლიურად შემცირდა გაყინული ხორცის იმპორტი, ხოლო ახალი ხორცის იმპორტი გაიზარდა.
უფრო დეტალურად, 2025 წელს საქართველოში საქონლის გაყინული ხორცის იმპორტი ღირებულებაში წლიურად 2.1%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 25.052 მილიონი დოლარის ღირებულების 5 093 ტონა გაყინული ხორცი, ხოლო 2024 წელს 25.611 მილიონი დოლარის ღირებულების 7 116 ტონა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ხორცის იმპორტი 36%-ით გაუძვირდა. კერძოდ, თუ 2024 წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.6 დოლარი იყო, 2025 წელს ღირებულება 4.9 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2025 წელს ხუთი ძირითადი ქვეყანა საქონლის გაყინული ხორცის იმპორტში ასე გამოიყურებოდა:
ბრაზილია - 10.072 მლნ დოლარის ღირებულების 2 892 ტონა;
ლიეტუვა - 9.773 მლნ დოლარის ღირებულების 1 105 ტონა;
უკრაინა - 3.721 მლნ დოლარის ღირებულების 840 ტონა;
არგენტინა - 314 ათასი დოლარის ღირებულების 67 ტონა;
რუსეთი - 278 ათასი დოლარის ღირებულების 20 ტონა.
გარდა ამისა, 2025 წელს ქვეყანაში საქონლის ახალი ხორცის იმპორტიც განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქონლის ახალი ხორცის იმპორტი 38%-ით გაიზარდა. ასე მაგალითად, 2025 წელს იმპორტირებულია 9.548 მლნ დოლარის ღირებულების 1 686 ტონა ხორცი, ხოლო 2024 წელს 6.929 მლნ დოლარის ღირებულების 1 411 ტონა.
ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ გაძვირებულია ახალი ხორცის იმპორტიც - ამ შემთხვევაში ზრდამ 16% შეადგინა. უფრო დეტალურად, 2025 წელს 1 კგ. ახალი ხორცის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 5.7 დოლარი იყო, ხოლო 2024 წელს 4.9 დოლარი.
5 ძირითადი ქვეყანა, საიდანაც 2025 წელს საქონლის ახალი ხორცის იმპორტი განხორციელდა, ასეთია:
ბელარუსი - 5.218 მლნ დოლარის ღირებულების 972 ტონა;
რუსეთი - 2.039 მლნ დოლარის ღირებულების 406 ტონა;
უკრაინა - 1.495 მლნ დოლარის ღირებულების 290 ტონა;
აშშ - 398 ათასი დოლარის ღირებულების 9.9 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საემიროები - 227 ათასი დოლარის ღირებულების 5.7 ტონა.