
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ "ღამის კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ განმარტა, თავდაპირველი დასტურის მიუხედვაად, რატომ თქვა უარი მისმა პარტიამ, მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ დებატებში, რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში ორშაბათს დაიწყო.
"მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დებატი არის დებატი, პანელური დისკუსია არის პანელური დისკუსია, მრგვალი მაგიდა არის მრგვალი მაგიდა და ა.შ. რის საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, მაგრამ, როდესაც არის დაანონსებული "ოცნების" მხრიდან დებატები და ამ დროს ჩვენ ვხედავთ სატელიტური პარტიების პარტიულ ბრეინგშტორმინგის მრგვალ მაგიდასთან, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის [მისაღები არ არის].
ჩვენი მოქალაქეები თავად ხედავენ, ვინ ვისი სატელიტია. იმ დებატებში, რაც ვიხილეთ, რაც არ უნდა მწვავე ყოფილიყო, თანაც მე იქ დიდად მწვავე განცხადებები არ მახსენდება, ახლა სოზარ სუბარს თუ დავარქმევთ ოპოზიციას და "ნეიტრალურ საქართველოს" ოპოზიციას [არ ვიცი]... [რაც შეეხება "გირჩს"] "გირჩი" "ოცნების" "გირჩია." ჩვენ ორ ნაწილად ვყოფთ, არის "ოცნების" "გირჩი" და არის "ნაცების" "გირჩი".
ჩვენ დებატების მნიშვნელობა გვესმის და არავისგან იმის მითითება არ გვჭირდება, რატომ არის მნიშვნელოვანი დებატები, ამიტომ ვითხოვთ უკვე დებატებს ამდენი ხანია. თავად "ოცნება" იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 5 წლის წინ და საერთოდ უარი თქვა ყველანაირ დებატზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ეს არ იყო რეალური დებატი, არც შემადგენლობით, არც თემით, არც ფორმატით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ გვაქვს გაცხადებული უარი დებატზე," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.