
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში "გრანტების კანონის" შესახებ ისაუბრა. გორდულაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკურ პირს შეეძლება როგორც პოლიტიკური აზრის გამოხატვა, ისე პარტიის დაფინანსება, - თუნდაც ეს ფიზიკური პირი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან თანამშრომელი იყოს, თუმცა თავად იურიდიულ პირს პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა არ ექნება.
"სკოლაშიც კი ისწავლება ზოგადი ცოდნის გაღრმავებისა და მიღების კუთხით, რომ არსებობს ფიზიკური პირი, როგორც ცალკე სუბიექტი და არსებობს იურიდიული პირი, როგორც ცალკე სუბიექტი. იურიდიულ პირს თავისი პასუხისმგებლობები აქვს, ფიზიკურ პირს - თავისი. მაგალითად, კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ პარტია დააფინანსოს, მაგრამ მის დამფუძნებელს, რომელსაც დივიდენდის, მოგების სახით შეიძლება თანხა ჰქონდეს მიღებული და ეს უკვე მისი საკუთრებაა და არა მეწარმე იურიდიული პირის, შეუძლია დააფინანსოს ნებისმიერი პარტია, შემოწირულება განახორციელოს.
იგივე მოცემულობაა ამ შემთხვევაშიც - არავითარი განსხვავებული ლოგიკა აქ არ მოქმედებს. ფიზიკურ პირს - იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი, დირექტორი თუ ნებისმიერი თანამშრომელი, რა თქმა უნდა, შეეძლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს კანონით გათვალისწინებული წესით, - ანუ ისე, რომ სხვისი უფლება არ შელახოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.