
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე "ღამის კურიერის" ეთერში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განმარტავს, რომელიც განსაზღვრავს "გრანტის" ახალ დეფინიციას, კრძალავს გარე ლობიზმს და ბიზნესის მხრიდან საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.
გორდულაძე ცვლილებებს გამჭვირვალობის გამკაცრების და უცხოური გავლენებისგან სახელმწიფოს დაცვის აუცილებლობით ხსნის.
ამასთან, გორდულაძე განმარტავს ვისზე ვრცელდება და ვისზე არა "გრანტების შესახებ" კანონი და მიიჩნევა თუ არა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები გრანტად.
"ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და წერტილი. რა მიიჩნევა გრანტად? - უცხოელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოში ჩარიცხული თანხა, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც, თავის მხრივ, მიმართულია ხელისუფლების პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, შეცვლისკენ ან განხორციელებისკენ. როდესაც ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნით ურიცხავს თანხას, რა თქმა უნდა, თანხას არ ურიცხავს იმისთვის, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს ან ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომელიც პოლიტიკის შეცვლისკენ იქნება მიმართული," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
კითხვაზე, ვინ ადგენს რა მიზნით რიცხავს ემიგრანტი თანხას? - გორდულაძე პასუხობს:
"წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ დადგენილი ფაქტია, რომ კონკრეტულ ფიზიკურ პირებს უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხათ და, ასევე, დადგენილი არის შესაბამისი მტკიცებულებით, რომ უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხა და პირდაპირი მითითებაა, რომ ამ თანხებიდან იყიდეთ პიროტექნიკა, ასევე, მასალები, რომლითაც შესაძლებელია დამზადდეს "მოლოტოვის კოქტეილი." მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები არსებობს, ეს ქმედება უნდა იყოს თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი? - რა თქმა უნდა. თუ არსებობს ინფორმაცია ან გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია კონკრეტული თანხები ჩარიცხულიყო პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად და ამ დასკვნამდე მივა მაგალითად, აუდიტის სამსახური, რომლის ვალდებულებაც არის ასეთი გრანტების შემოდინებაზე იყოს პასუხისმგებელი, თუ აღნიშნულ დასკვნამდე მივა, მიმართავს საგამოძიებო სამსახურებს, ისინიც დაიწყებენ გამოძიებას.
გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებს და არა გამომგზავნს. პირი, რომელიც მიიღებს გრანტს, მთავრობის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა," - განაცხადა გორდულაძემ.