
აკადემიური წრეები უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას მკაფიო ეწინააღდეგებიან -თსუ-ს წარმომადგენლობითმა საბჭომ 40 ხმით ერთსულოვნად რეორგანიზაციის საკითხს მხარი არ დაუჭირა, მაშინ როცა პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები. პროფესურის ნაწილი და სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ და პროცესს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემისთვის გადამწყვეტ ეტაპად აფასებენ. „ოცნებაში" კი აანონსებენ, რომ ეს ნაბიჯი განათლების სისტემას უფრო გაამყარებს.
ამ ფონზე განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ირწმუნება, რომ მთავარი საკითხები, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში მას ჰქონდა შეხვედრები პროფესორებთან, გადაჭრადია.
„ვფიქრობთ, რომ პარასკევის შეხვედრა მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება, რომ პოზიციები შევაჯეროთ", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
აქვე, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება. „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 86-ხმით (10 - წინააღმდეგი) მიიღეს. მასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში და "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონში.
ოპოზიციონერების ვარაუდები
ოპოზიციაში აცხადებენ რომ ახალი რეფორმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გადარჩენას ემსახურება. გახარია გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი ასახელებს 3 მიზეზს, რის გამოც შესაძლოა მმართველ გუნდს უნივერსიტეტების გაერიანება სურს:
„ეს რეფორმა სამი მიზნის მატარებელია: პირველი - კორუფციული დაინტერესება, აინტერესებთ შენობები და მიწები, რომელიც ამ უმაღლეს სასწავლებლებშია. მეორე - აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა. ამ კანონპროექტით ისინი გზას უხსნიან საკუთარ თავს, რომ ნებისმიერ უნივერსიტეტში ნებისმიერი ცვლილება აკადემიური საბჭოების და სტუდენტების გვერდის ავლით განახორციელონ. მესამე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიციების გამყარება. ამ უნივერსიტეტში კვოტებს ვერ ავსებენ და უნდათ, რომ ნაკადი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მიდიოდა, გადავიდეს ქუთაისის უნივერსიტეტში."
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დაგეგმილია სტუ-დან პროფესორთა 60-70%-ის დათხოვნა.
- ხატია დეკანოიძე: „საქართველო არის პატარა ქვეყანა, გამოდის ინფორმაციები და ჩემი ინფორმაციით გეტყვით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტიდან 60-70%-ის გაშვება და რა თქმა უნდა, აბიტურიენტების მიღების შემცირება უნდათ"
„არ ვამბობ, რომ აერთიანებენ, ვამბობ, რომ აუქმებენ. ფაქტია, რომ წარმოუდგენლად მახინჯი სისტემა ყველას შეეხება. რა გააკეთეს იმისთვის, რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესებულიყო? მისცეს თუ არა უნივერსიტეტებს ავტონომია? ვინ დანიშნეს სტუ-ს რექტორად? პროფესორ-მასწავლებლები 70% რომ უმუშევარი დარჩება, ეს იქნება გაუმჯობესება? რისთვის სჭირდებათ, ყველამ ძალიან კარგად იცის - სჭირდებათ შენობების გასხვისებისთვის. საქართველო არის პატარა ქვეყანა, გამოდის ინფორმაციები და ჩემი ინფორმაციით გეტყვით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტიდან 60-70%-ის გაშვება და რა თქმა უნდა, აბიტურიენტების მიღების შემცირება უნდათ."
„ოცნების" არგუმენტები
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაერთიანების პროცესში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ავტონომიის მაღალი ხარისხი ექნება.
- ირაკლი კობახიძე: „თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს"
„არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება სინამდვილეში არ ხდება. თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა რა?! 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება, ეს არასწორია."
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას თქვა, რომ ყველა ასეთი რეფორმა თავიდან დიდ წინააღმდეგობას აწყდება.
„საქართველოში მისი დამოუკიდებლობის შემდგომ მართლაც უმნიშვნელოვანესი განათლების რეფორმა ტარდება. ყველა ასეთი დიდი და მასშტაბური რეფორმა გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება თავიდან. აქაც ჩანს, რომ ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია და რომ რეფორმა აუცილებლად პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს. საქართველოს ასობით უნივერსიტეტიდან რეიტინგში არცერთი მათგანი არ შედის - ეს არის სამწუხარო რეალობა. სამწუხაროა რეალობა, რომ ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა სურთ - ცალკეულ ადამიანებს აქვთ ამისი საშუალება, ზოგი ვერ ახერხებს."