
ძალიან კარგია ის, რომ აშშ აგრძელებს ევრო ბიუროკრატების მხილებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით 4 წლის განმავლობაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, აშშ სიტყვასიტყვით იმეორებს იმ პრეტენზიებს, რაც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ევრო ბიუროკრატებთან.
„ეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე მკაფიოდ, როდესაც 2024 წელს მათი ელჩი პირდაპირ მოწოდებას აკეთებდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ უნდა მიეცა საზოგადოებას ხმა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.