
უკვე რამდენიმე დღეა სოც ქსელებში და მედიაში მეხუთე პრეზიდენტის შესაძლო დაკავებაზე საუბრობენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „არ ეყოფათ გამბედაობა" სალომე ზურაბიშვილი დაიჭირონ, ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ ადამიანს, რომელიც „თავს ლეგიტიმურ პეზიდენტს უწოდებს, ან პასუხი უნდა მოსთხოვო, ან განსახილველად ფსიქიატრებს გადასცე".
„ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როდესაც არ არის პრეზიდენტი და დროშით დადის - ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, თუ მისი ეს ქმედება ქვეყანას სერიოზულ ზარალს აყენებს და დაუმტკიცებ, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება მისი ეს პოზიცია, ვოიაჟი და პრეზიდენტის დროშით სიარული. ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს.
„სხვა გზა, შუა და მესამე ვარიანტო არ არსებობს. ადამიანი, რომელიც დღეს ამბობს, რომ ვარ ცნობილი ფიგურა ან პრეზიდენტი და ამ დროს არანაირი კავშირი არ აქვს ამ პოზიციასთან, იგი აშავებს თუ ამას ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის იყენებს. თუმცა, თუ ამას არ აქვს ის გავრცელება და პოლიტიკური ზარალის ფორმას არ ატარებს, მაშინ ფსიქიატრების შესწავლის სფეროს განეკუთვნება", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გადადგას.
„თუ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა არ მისცა ამისი საფუძველი თავისი ისეთი აქტივობით, რომელიც ხელისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მამტკიცებელი საბუთი ბუნებრივია არ მაქვს,მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ის 4 ოქტომბრის აქციაზე შემთხვევით არ იყო მისული და მას აქციის ორგანიზატორებთან გარკვეული კავშირი ჰქონდა, თუმცა ამას არ აფიშირებდა. ის, ჩემი აზრით, ჩაფიქრებული გეგმის ნაწილი იყო.
„ვვარაუდობ, რომ გამოძიებას ამის თაობაზე ინფორმაცია ექნება, მაგრამ ეს ნაბიჯი, რომ სალომე ზურაბიშვილი დააკავონ... ვფიქრობ, ხელისუფლებას ამის გაკეთება ჯერ არ უღირს, რადგან სარისკოა, თვითონ ზურაბიშვილის ფიგურიდან გამომდინარე.
- „არ მგონია საზოგადოებაში განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვეს, ის შემადგენლობა გამოვა, რაც ადრე გამოდიოდა, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება. ქვეყნის იმიჯი დაზიანდება, ერთი პრეზიდენტი ციხეშია, მეორე დაკავებული და ეს „ქართულ ოცნებას" არ წაადგება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ თითქოსდა ურთიერთთბები ლაგდება, მათ შორის აშშ-სთან. ვფიქრობ „ოცნება" ამ ნაბიჯზე სავარაუდოდ არ წავა".
აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი გაემიჯნა „პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობას" და დაწერა, რომ „მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის". კითხვაზე, მართლა არ სურდა ზურაბიშვილს პროცესის ამ სცენარით წასვლა, თუ იმიტომ გაემიჯნა, რომ დაანონსებული რევოლუცია არ შედგა, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ამ საჯარო განცხადებით და გამიჯვნით უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი გადაირჩინა, მეორეს მხრივ შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ თუ წარუმატებლად დამთავრდებოდა, შესაძლოა მას ჰქონოდა ერთგვარი ალიბი. რა კეთილშობილური სურვილებითაც არ უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი ის, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. როცა ასეთ ქმედებაში მონაწილეობ, ბუნებრივია, ეს შენს იმიჯს ჩრდილს აყენებს. ვფიქრობ ის გაემიჯნა საკუთარი პოლიტიკური პირადი მზინებიდან გამომდინარე. შესაძლოა დასავლეთიდან კონსულტაციაც მიიღო.
„დაკავება ბევრწილად მის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული. თუ ის რაღაც ისეთ რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა, რაც არ ახასიათებს, მაგრამ დავუშვათ თუ მოხდა, მაშინ დააკავებენ. სხვა შემთხვევაში მას შეუძლია გამოვიდეს მიტინგებზე, აქციებში მონაწილეობა მიიღოს, აკეთოს მწვავე განცხადებები, საზღვარგარეთ წავიდეს, იქ ხელისუფლება გააშავოს, მაგრამ ამის გამო არ მგონია დააკაონ. დაკავების ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა იყოს, რომელშიც უკვე დასავლეთსაც ვეღარ შეეპარება ეჭვი",- განაცხადა მან.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ზურაბიშვილის დაკავებაზე წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე პრეზიდებტი 4 ოქტომბრის მოვლენებს საჯარო განცხადებით გაემიჯნა.
- „ხელისუფლება ყველაფერზე შეიძლება წავიდეს - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებს გარკვეულწილად გაემიჯნა, თუმცა არ გამოვრიცხავ რაიმე საბაბი მოუძებნონ. ივანიშვილის მიზანია ზურაბიშვილზე შური იძიოს და საბაბს ეძებს. თავის დროზე ივანიშვილმა მისი კანდიდატურა წამოაყენა, ზურაბიშვილმა კი შემდგომში სხვანაირად ისარგებლა პრეზიდენტის პოსტით.
„ზურაბიშვილის შესაძლო ადაკავებას შიდა დიდი პროტესტი მაინცდამაინც არ მოჰყვება. იქ ქიმიურ იარაღზე იყო საუბარი და გრანდიოზული მიტინგები არ მოჰყოლია, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება კი იქნება. ასე გაგრძელდება, სანამ რეალური სანქციები არ ამოქმედდება უარეს და უარესს გააკეთებენ, „ოცნება" იმით სარგებლობს, რომ ტრამპია ამერიკაში და სათანადო აქცენტი არაა საქართველოზე",- განაცხადა ჩიტაძემ.
„მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოქმედი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა.
- „მიუხედავად არსებული არანორმალური პოლიტიკური ვითარებისა, არ ვფიქრობ რომ მათ ეყოფათ გამბედაობა, რომ სალომე ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ იმის გამო, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავისი ლეგიტიმაცია მოჰყვება და აქვს. უნდათ, რომ გარკვეული რეპრესიები განახორციელონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამას შეძლებენ.
„მეორე მხრივ, სახიფათოა ის მიდგომა, რომელსაც გვაჩვევენ. თავად ცდილობენ, რომ არსებული უსამართლო სისტემის ლეგიტიმაცია თავს მოგვახვიონ, მიუღებელი კანონების, გამოხატვის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვის. ლეგიტიმურს ხდიან გაუნათლებლობას, უღირსობას და უკულტურობას. საზოგადოებას აჩვევენ იმას, რაც მიუღებელია",- განაცხადა ბესელიამ "პალიტრანიუსთან".
კითხვაზე, რატომ ვერ დააკისრებენ სალომე ზურაბიშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივად შეუძლებელია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„არ შეიძლება. როგორც იურისტი გპასუხობთ, რომ არ შეიძლება. თუ ამ არანორმალურ იდეას ჩაწერენ რომელიმე ნორმაში, ის ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი. კონსტიტუცია ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. უფრო მაღალი კანონი - კონსტიტუცია და კონვენციები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. იერარქიით ქვედა მდგომი კანონი, რომელსაც ახლა ჭრიან, ნორმად აქცევენ, ის მაინც იქნება უკანონო. ამიტომ, მე გავაგრძელებ იგივე ლექსიკონით საუბარს შეფასებით ნაწილში, რადგან მიმაჩნია გამოხატვის თავისუფლება არის მაღალი სტანდარტით დაცული",- აცხადებს ბესელია.
ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ფლობს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რაც საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული, მაშინ როდესაც ,,პარლამენტს ეს ლეგიტიმაცია არ გააჩნია".
ბესელიამ აღნიშნა, რომ ლეგიტიმაცია ნიშნავს ხალხის ნდობას და იმ პირობებში, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და საზოგადოება ინსტიტუტებს არ ენდობა, პარლამენტის ლეგიტიმაციაზე საუბარი შეუძლებელია.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია არის ნდობა. არც პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია. თუ არჩევნები გაყალბებულია და ხალხი არ ენდობა, როგორ აქვს მას ლეგიტიმაცია? ლეგიტიმაცია არის ნდობა. წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე. მან დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ არ მოჰქცევია",- აცხადებს ბესელია.