
ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში და ამავე კომიტეტში გამართულ მოსმენა შეაფასა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ ევროკომისია სოციალურ მედიაპლატფორმებზე ზემოქმედებდა და ევროპის მასშტაბით არჩევნებში ერეოდა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს გასაკვირი არ არის.
„ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ხდება მხილება იმისა, რომ ხორციელდებოდა ცენზურა, მათ შორის სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ჩვენ ეს პერიპეტიები საკუთარ ზურგზე გამოვცადეთ და გავლილი გვაქვს. ქართული ფაქტჩეკერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან ან მათი მიმდევარი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში. ბუნებრივად ხდებოდა სწორედ ამ მიმართულების იდეოლოგიური სტანდარტების დამკვიდრება“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
„ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის“, - ამ სახელწოდებით წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა გაიმართა, რომელსაც კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი უძღვებოდა.