
აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე 314 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ავრცელებს.
„ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი გაცვლაა. ეს შედეგი დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების წყალობით იყო მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მსგავსი ნაბიჯები ადასტურებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ურთიერთობას ხელშესახები შედეგები მოაქვს და წინ წევს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს“, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში.
მან ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და „უახლოეს კვირებში შემდგომი პროგრესია მოსალოდნელი“
4-5 თებერვალს აბუ-დაბიში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.