
თსუ-ს პროფესორისა და აკადემიკოსის, ფიზიკოს ალექსანდრე შენგელაიას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხზე, როგორც განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან შეხვედრაზე, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრაზე ვერ მიიღეს დამაჯერებელი განმარტება გაერთიანების აუცილებლობის შესახებ.
როგორც შენგელაიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" აღნიშნულ თემაზე საუბრისას აღნიშნა, სრულად ეთანხმება ხელისუფლების პოზიციას, რომ საინჟინრო მიმართულებები უნდა გაძლიერდეს და თავადაც მხარს უჭერს ამ პროცესს, თუმცა ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს ტექნიკური უნივერსიტეტის თსუ-სთან შერწყმა.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა განათლების სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან. ასევე, განხილვები გვქონდა თავად რექტორთან ერთად. სამწუხაროდ, ვერცერთ შეხვედრაზე ვერ მივიღეთ ლოგიკური და დამაჯერებელი პასუხი თუ რატომ არის ამ უმაღლესი სასწავლებლის შეერთების აუცილებელობა. მე, როგორც ფიზიკოსი და ამ ქვეყნის მოქალაქე მხარს ვუჭერ იმას, რომ საინჟინრო მიმართულებები უნდა გაძლიერდეს. მხარს ვუჭერ და ვეთანხმები ხელისუფლების განცხადებას, რომ უნდა გაძლიერდეს ეს მიმართულება. უბრალოდ, არ მესმის რატომ არის საჭირო ტექნიკური უნივერსიტეტის ჩვენს უნივერსიტეტთან გაერთიანება.
ერთმანეთთან დაკავშირებული ორი კითხვა არსებობს: რა დაშავდება იმით თუ ტექნიკური უნივერსიტეტი დარჩება დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად და მას გავაძლიერებთ შეერთების გარეშე. მეორე კითხვა, თუ მაინც და მაინც უნდა შევუერთოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამით როგორ გაძლიერდება ტექნიკური უნივერსიტეტი. ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს ჯერჯერობით",- განაცხადა აკადემიკოსმა.
როგორც შენგელაიამ აღნიშნა, განათლების სამინისტროში შეხვედრისას მისმა კოლეგამ დასვა კითხვა, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები გაერთიანებაზე უარს იტყოდნენ. მისივე თქმით, განმარტებებიდან გამოიკვეთა, რომ სამინისტროს აქვს უფლება რეორგანიზაცია საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს და ამ პროცესში უნივერსიტეტის პოზიცია არ გაითვალისწინოს.
„მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, ჩემმა კოლეგამ დასვა კითხვა, თუ უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები უარს იტყვიან გაერთიანებაზე, მაინც თუ მოხდება გაერთიანება, რაზეც პირდაპირი პასუხის არ მიგვიღია, მაგრამ არაპირდაპირ იყო ნათქვამი, რომ სამინისტროს აქვს უფლება ჩაატაროს რეორგანიზაცია, როგორც თავად საჭიროდ ჩათვლიან, ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე.
სამწუხაროდ, ჯერ გადაწყვეტილება არსებობს, შემდეგ ვსაუბრობთ დისკუსიაზე და დიალოგზე. პირიქით, რომ ყოფილიყო სჯობდა",- განაცხადა აკადემიკოსმა.
როგორც აკადემიკოსმა აღნიშნა, ასეთი მასშტაბის უნივერსიტეტების შეერთება გამოიწვევს საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის ცვლილებებს, რაც მისივე შეფასებით, უკიდურესად რთული და მრავალწლიანი პროცესია.
„ამხელა უნივერსიტეტის შეერთება გამოიწვევს პროგრამების ცვლილებას, პერსონალის ცვლილებებს. ეს იმდენად რთული პროცესია, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. რაც მთავარია, გაუგებარია, საბოლოოდ, რა შედეგს მივიღებთ. როცა არ ვიცით მიზანი და საშუალებები რითაც უნდა მივაღწიოთ ამას. ამხელა შეშფოთების შემოტანა ჩვენს უნივერსიტეტსაც დააზიანებს",- განაცხადა აკადემიკოსმა.