
New START-ის ხელშეკრულების (ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ) ვადის ამოწურვა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის უმძიმესი მომენტია, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებაში.
„ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად ვდგებით იმ რეალობის წინაშე, სადაც აღარ არსებობს არანაირი სავალდებულო შეზღუდვა რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ბირთვულ არსენალებზე - იმ ორი სახელმწიფოსი, რომლებიც მსოფლიო ბირთვული მარაგების აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ანტონიუ გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ცივი ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში, ამ მთავრობებს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლი კატასტროფის თავიდან აცილებას უწყობდა ხელს".
„მან შექმნა სტაბილურობა და, სხვა ზომებთან კომბინაციაში, აღკვეთა დამანგრეველი მცდარი გათვლები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან ხელი შეუწყო ეროვნული არსენალებიდან ათასობით ერთეული ბირთვული იარაღის შემცირებას. მან მკვეთრად გააუმჯობესა ყველა ხალხის უსაფრთხოება, მათ შორის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის მოსახლეობისა. ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ამ მიღწევების რღვევა ყველაზე შეუფერებელ დროს მოხდა - ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დღეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია. თუმცა, გაურკვევლობის ამ მომენტშიც კი, ჩვენ უნდა ვეძებოთ იმედი. ეს არის შესაძლებლობა „გადატვირთვისთვის" და შეიარაღების კონტროლის ისეთი რეჟიმის შესაქმნელად, რომელიც მოერგება სწრაფად ცვალებად კონტექსტს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ორივე სახელმწიფოს პრეზიდენტმა ნათლად გამოხატა, რომ აცნობიერებენ ბირთვული შეიარაღების რბოლის დესტაბილიზაციურ გავლენას და აუცილებლობას, თავიდან იქნას აცილებული ბირთვული იარაღის უკონტროლო გავრცელების ეპოქაში დაბრუნება. ახლა მსოფლიო ელოდება, რომ რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები სიტყვას საქმედ აქცევენ. მოვუწოდებ ორივე სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და შეთანხმდნენ ახალ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომელიც აღადგენს შემოწმებად ლიმიტებს, შეამცირებს რისკებს და განამტკიცებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას", - დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.