
ძალით ლეგიტიმაცია არ არსებობს, ძალით ლეგიტიმაცია არის დიქტატურა. ლეგიტიმაცია აწუხებთ იმიტომ, რომ ხედავენ საფრთხეს, - ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების" ლიდერი გიგია ბოკერია „ქართული ოცნების" დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს მსგავს ქმედებებს.
ამის შესახებ ბოკერიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა.
ბოკერიას შეფასებით, მსგავსი კანონმდებლობა მიუთითებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისზე და პრობლემის რეპრესიებით გადაჭრის მცდელობაზე.
მისი თქმით, ლეგიტიმაცია მოქალაქეებისგან ნებაყოფლობით უნდა მოდიოდეს და მისი ძალით მოპოვება დიქტატურის ნიშანია.
„ეს კანონი მიუთითებს იმაზე, რომ არ აქვთ ლეგიტიმაცია და პრობლემის გადაჭრა უნდათ რეპრესიით. ლეგიტიმაციის მუღამი იმაშია, რომ მოქალაქეებმა თავისით უნდა მოგცენ. ძალით ლეგიტიმაცია არ არსებობს, ძალით ლეგიტიმაცია არის დიქტატურა. ლეგიტიმაცია აწუხებთ იმიტომ, რომ ხედავენ საფრთხეს. საზოგადოების დიდ ნაწილში მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია - ამაში ხედავენ პოტენციურ საფრთხეს. მჯერა, რომ ამაზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პასუხი იქნება საზოგადოების კონსენსუსის გაფართოება და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა.
რეჟიმი ცდილობს რეპრესიების მანევრირებას, ცდილობს მყისიერად არ გააკეთოს, რადგან იმდენს ხვდებიან, რომ თუ გადააჭარბეს რისკია და რაღაც რეაქცია მოჰყვება. ისეთ გზაზე დადგა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ რეპრესიის გაღრმავების გარდა სხვა არჩევანი არ რჩება.
მშვიდობიანი პროტესტის და მისი გაფართოების გარეშე ასეთი რეჟიმები ძალაუფლებას არ თმობენ. ის, რომ მათ რეპრესიული კანონების შემდეგ, დასჭირდათ ამ საკითხებზე ფოკუსირება, არის უტყუარი სიმპტომი თუ როგორი მორალური კრიზისი აქვთ", - განაცხადა ბოკერიამ.
პარტია „ფედერალისტების" ლიდერმა გიგია ბოკერიამ, ასევე, ისაუბრა ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურებაზე, რომლის ფარგლებში ექსპერტული მისია იქმნება.
ბოკერია მიიჩნევს, "მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება საერთაშორისო წნეხის ნაწილია, მაგრამ გადამწყვეტი ქართული საზოგადოების ნებაა.
მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან არასწორია მოლოდინი, თითქოს რომელიმე საერთაშორისო დასკვნა ან გადაწყვეტილება თავად გახდება გარდამტეხი მომენტი.
„ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ ლეგიტიმური საერთაშორისო წნეხის, რომელიც ამ რეჟიმზე ხორციელდება. მე და ჩემი გუნდი ვთვლით, რომ საზოგადოების მხრიდან არასწორია იმედების დამყარება იმაზე, რომ სადღაც ვიღაც დასკვნას დადებს ან ნაბიჯს გადადგამს და ეს იქნება გარდამტეხი მომენტი. ეს ასე არ არის, რადგან ასეთი ექსპერტების ჯგუფს მტრებად გამოაცხადებენ. ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმ საერთაშორისო წნეხისა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმზე ხორციელდება საქართველოს პარტნიორების მხრიდან და საერთაშორისო ინსტიტუციების მხრიდან. ასეთი წნეხი ჩვენ დაგვეხმარება, ოღონდ მთავარი ფაქტორი არის ქართული საზოგადოების ნება. შემდგომში ქართულ საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული როგორ იმოქმედებს გარე ფაქტორები იმაზე, რომ ნაკლები ზიანით მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება", - აცხადებს ბოკერია.
მისივე მოსაზრებით, „ქუჩა აუცილებელი კომპონენტია", რადგან მსგავსი რეჟიმები მხოლოდ მაშინ ექცევა ჩარჩოში, როცა ხედავს, რომ საზოგადოების ფართო მასები დიდი რაოდენობითა და ინტენსივობით მზად არიან პროტესტისთვის.
„ქუჩა აუცილებელი კომპონენტია. ასეთ რეჟიმს მხოლოდ იმ პირობებში ჩააყენებ ჩარჩოში თუ ხედავს რომ საზოგადოების ფართო მასები დიდი რაოდენობით და ინტენსივობით მზად არის პროტესტისთვის",- განაცხადა ბოკერიამ