
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ძალიან კარგი მოლაპარაკებები" მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ღამით უკრაინის ენერგოსისტემებზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
„დღეს ძალიან, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით. შეიძლება, რაღაც მოხდეს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 4-5 თებერვალს აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, დონალდ ტრამპმა იცის, რომ მოლაპარაკებები მაინც ჩაიშლება და ამგვარი განცხადებებით წინასწარ ემზადება.
„მე პირადად არ მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდეს. მე ასე მგონია უბრალოდ ტრამპი რაღაცნაირად წინასწარ თავს იცავს და აცხადებს, რომ თითქოს მოვლენები დადებითად ვითარდება. მერე იტყვის, რომ რუსულმა ან უკრაინულმა მხარემ ჩაშალა მოლაპარაკებები. ძალიან დიდ წინააღმდეგობას აქვს ადგილი, რადგან უკრაინა დონბასიდან ჯარს არ გაიყვანს და რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას არ დათანხმდება. ეს არის მთავარი. მითუმეტეს, რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
აღსანიშნავია ისი, რომ მოლაპარაკების ფონზე სამხედრო თავდასხმები გრძელდება. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ ღამით რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
მისი თქმით, თავდასხმისას დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებსაც შმიგალმა „უკრაინის ელექტროქსელის ხერხემალი" უწოდა.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, რუსეთმა იერიში მიიტანა ბურშტინისა და დობროტვირის თბოელექტროსადგურებზე.
აფეთქებების ხმა ისმოდა როვნოში, ხარკოვში, კროპივნიცკში, ლვოვის ოლქსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. თავდასხმის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„უკრენერგომ" განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.
ამასთან, პოლონეთის საჰაერო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. ორივე ქალაქი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განალაგა მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალები და საშუალებები. ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას",- ნათქვამია განცხადებაში.